
“საერთაშორისო გამჭვირვალობა” საქართველოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
კერძოდ, ორგანიზაცია ეხმაურება უცხოურ გრანტებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს, ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს და მკაცრად გმობს “ქართული ოცნების” მიერ მიღებულ ზომებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ შესაბამისი ზომები სამოქალაქო საზოგადოების გაჩუმებისკენ არის მიმართული.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა” ღრმად შეშფოთებულია, რომ საქართველოს მმართველი პარტია “ქართული ოცნების” მიერ ცოტა ხნის წინ გამოცხადებული ზომები პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობისთვის, იმოქმედოს დამოუკიდებლად და შეასრულოს თავისი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი როლი დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დაცვაში.
ახალი წესები, რომლებიც “გრანტებზე კანონის” შესწორებებად მიიღეს, მთავრობის მიერ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის საგარეო დაფინანსების წინასწარ დამტკიცებას მოითხოვს და არდამტკიცებული დაფინანსების მიმღებებს დიდი ჯარიმებით დასჯის.
ეს განვითარება ხაზს უსვამს საქართველოს უფრო ფართო დემოკრატიულ ვარდნას, რომელიც ერთი პოლიტიკური ძალის მიერ ათწლეულის განმავლობაში ძალაუფლების კონსოლიდაციით გამოირჩევა. მას შემდეგ რაც სახელმწიფო ინსტიტუტები მისი კონტროლის ქვეშ მოექცნენ, კორუფცია ინსტიტუციონალიზებული გახდა, რამაც დაასუსტა კონტროლი, ანგარიშვალდებულება და დემოკრატიული ზედამხედველობა. მმართველი პარტია ახლა სამიზნეში იღებს დამოუკიდებელ სამოქალაქო საზოგადოებას, მედიასა და ოპოზიციურ ჯგუფებს, რომლებიც გამჭვირვალობას იცავენ.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა” მკაცრად გმობს ამ ზომებს და გვერდში უდგას საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” კორუფციასთან საბრძოლველად და სამართლიანობის წინ წასაწევად თავისუფლად ოპერირების საშუალება უნდა ჰქონდეს. წლების განმავლობაში ის ააშკარავებდა სახელმწიფოს მიტაცებას, სისტემურ კორუფციას, და არჩევნების მანიპულაციას – და შედეგად, მუდმივად სამიზნეში იყო ამოღებული. დღეს ნათლად ჩანს, რომ ეს რეპრესიული კანონები “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მსგავსი ორგანიზაციების გასაჩუმებლად არის შემუშავებული.