
ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ კვირაში, სულ მცირე, 3-4 ჯერ ასრულებს კერძო პირების და სხვა სტრუქტურების მიერ შეკვეთილ ჩარტერულ რეისებს. აღნიშნული ჩარტერული რეისების შეკვეთებს აფორმებს ავიაკომპანიის კომერციული განყოფილება, – ამის შესახებ „ჯორჯიან ეარვეისის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
როგორც ავიაკომპანიაში აცხადებენ, კერძო პირების მიერ შეკვეთილი რეისების შესახებ ინფორმაცია წარმოადგენს პერსონალურ ინფორმაციას, რაც დაცულია კანონის მიერ და მისი გაცემის უფლება კომპანიას არ აქვს.
„გვსურს, მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ შეუძლებელია ნებისმიერი საერთაშორისო აეროპორტიდან ნებისმიერი მოქალაქის ნებისმიერი ავიაკომპანიის ბორტზე მოხვედრა ან გამგზავრება არაკანონიერი გზით. აღნიშნულ პროცესს ბევრი შესაბამისი სტრუქტურა აკონტროლებს, მსგავსი ბრალდებები სრულიად უსაფუძვლო და აზრს მოკლებულია“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
თბილისის საქალაქო სასამართლოში თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა, გიორგი ბაჩიაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა: „24 მაისს გამიტაცეს საზღვარგარეთიდან, ორი დღე მატარეს თვალებახვეული, შემდეგ ჩამტენეს „აირზენას“ თვითმფრინავში და საქართველოში ჩამომიყვანეს“.