“მივმართავთ ხელისუფლებას კითხვით, რა ფარული მოლაპარაკებები და შეთანხმებები მიმდინარეობს რუსეთთან”

41
spot_img

ბოლოდროინდელი მოვლენების გათვალისწინებით აშკარაა, რომ საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლებას შორის მიმდინარეობს ძალიან აქტიური და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი, საგულისხმო და საგანგაშოა, ფარული კომუნიკაცია, – ამის შესახებ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ფრენების აღდგენა, საზღვაო ტვირთების გადაზიდვისთვის რუსეთისკენ ახალი მარშრუტების განახლება და ასევე, ლავროვის ოჯახის წევრების ჩამოსვლა და სანქცირებული პირების მიერ საქართველოს საზღვრის კვეთა, ვერ მოხდებოდა საქართველოს ხელისუფლებასთან კოორდინაციის გარეშე.

დეკანოიძის განცხადებით, შვიდი დეპუტატი კითხვებით მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას და ყველა იმ აღმასრულებელ ორგანოს, ვინც არის პასუხისმგებელი ამ ანტიკონსტიტუციურ ქმედებაზე.

„ხაზს ვუსვამ – ეს არის საქართველოს უსაფრთხოების გრძელვადიანი სტრატეგიული ინტერესების და ევროატლანტიკური მომავლისთვის ძირის გამოთხრა. ჩვენ, შვიდი დეპუტატი კითხვებით მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებას და ყველა იმ აღმასრულებელ ორგანოს, ვინც არის პასუხისმგებელი ამ ანტიკონსტიტუციურ ქმედებაზე და ღიად მოვითხოვთ პასუხებს, თუ რა ფარული მოლაპარაკებები მიმდინარეობს რუსეთთან, როდის დაიწყო ფარული მოლაპარაკებები და რა არხებს იყენებს საქართველოს ხელისუფლება საკომუნიკაციოდ, ვისი ინიციატივით დაიწყო მოლაპარაკებები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან არცერთ ეტაპზე საქართველოს მოქალაქეებს არ ჰქონიათ წინასწარ ინფორმაცია მათ შორის ფრენების გახსნაზე, საზღვაო ტვირთების მიმოსვლის აღდგენაზე და ასევე სანქცირებული პირების შემოსვლაზე. იცოდნენ თუ არა საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებელმა პირებმა და პარლამენტის უმრავლესობის წევრებმა მოლაპარაკებების შესახებ და ხორციელდებოდა თუ არა და ხორციელდება თუ არა დღემდე ფარული ვიზიტები მოსკოვში, რაც ასევე საგანგაშოა ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობების გაუარესების მიმართულებით და რაც ასევე, ნებისმიერი მიმართულებით ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ ექსპანსიას ააქტიურებს რუსეთთან. ჩვენი მთავარი კითხვა საქართველოს ხელისუფლებისადმი არის შემდეგი: რა ფარული მოლაპარაკებები, შეთანხმებები და ექსპანსიის გაფორმება მიმდინარეობს რუსეთთან“, – განაცხადა დეკანოიძემ.