მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებას – დაუყოვნებლივ გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი მოძმე უკრაინელ ერთან საქართველოს ოფიციალური ურთიერთობების ნორმალიზაციისთვის, ჯერ კიდევ არის დრო, დააბრუნონ ქვეყნის განვითარების ვექტორი ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს მიხეილ სააკაშვილი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გია ბარამიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე.
„დღეს უკრაინის კონსტიტუციის დღეა. უკრაინა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი მეგობარია, მოძმე ქვეყანა, რომელიც განიცდის პირდაპირ აგრესიას მტრის მიერ, რომელსაც ჩვენი 20% კვლავ ოკუპირებული აქვს. უკრაინის პარლამენტში პრეზიდენტმა უკრაინულ საზოგადოებას მოახსენა თავისი ხედვა და წარმოთქვა ისტორიული საპროგრამო სიტყვა, რომელიც გულისხმობს უკრაინის წინსვლას და განვითარებას, ურთიერთობებს მის მეგობრებთან, მოკავშირეებთან მას შემდეგ, რაც უკრაინა გაიმარჯვებს ამ ომში. გაიმარჯვებს უკრაინელი ხალხის თავდადებით, ჯარის ვაჟკაცობით, უკრაინელების ერთად დგომით, უკრაინის მიმართ მთელი ცივილიზებული სამყაროს დახმარებით, რადგან სიმართლე არის უკრაინელი ხალხის მხარეს, რადგან რუსეთი აგრესორია, ბარბაროსი დამპყრობელია, რომლის შეჩერება არ არის მხოლოდ საქართველოს ან უკრაინის საზრუნავი, არამედ მთელი ცივილიზებული სამყაროს საზრუნავი.
ამ ისტორიულ სიტყვაში ზელენსკიმ ისაუბრა, თუ როგორ წარმოუდგენია მას ომის შემდეგ მისი მეზობლების ბედი და ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის გამარჯვება ნიშნავს არა მარტო უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, არამედ ეს ნიშნავს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასაც. ეს არის ის, რაზეც მთელი ან ხნის განმავლობაში ვსაუბრობდით ჩვენ, საუბრობდა ყველა ის ადამიანი, ვისაც კარგად ესმის უკრაინის მნიშვნელობა და მისი გამარჯვების მნიშვნელობა.
მადლობა, გვინდა, გადავუხადოთ ზელენსკის, რადგან მას სწორედ ასე წარმოუდგენია უკრაინის გამარჯვება. აქედან გამომდინარე, გვინდა, მივმართოთ საქართველოს ხელისუფლებას:
1. დაუყოვნებლივ გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი ჩვენს მოძმე უკრაინელ ერთან საქართველოს ოფიციალური ურთიერთობების ნორმალიზაციისთვის. დაუშვებელია, როცა საქართველო არის ზურგშებრუნებული უკრაინასთან, როცა საქართველოში არ არის უკრაინის ელჩი იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლება, პრაქტიკულად, მხარს უჭერს საქართველოსა და უკრაინის მტერს და მოვუწოდებთ მათ, გონს მოეგონ და სასწრაფოდ აღადგინონ ურთიერთობები უკრაინასთან;
2. ჯერ კიდევ არის დრო, დააბრუნონ საქართველოს განვითარების ვექტორი ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. ეს არის ქვეყნის ისტორიული არჩევანი, ჩვენი ძმების, უკრაინელების არჩევანი. უკრაინა გაიმარჯვებს და საქართველოც გაიმარჯვებს უკრაინასთან ერთად და საქართველო, უკრაინა და მოლდოვა უნდა იყვნენ ნატო-სა და ევროკავშირის წევრები;
3. თუ კი რაიმე ნატამალი არსებობს ამ ქვეყანაზე სიმართლისა და სამართლის, დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს საპყრობილედან საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. სასამართლოს პრინციპის ოდნავ მაინც ზეიმისთვის, საქართველოში სამოქალაქო მშვიდობის დამყარებისათვის. ეს არის აუცილებელი საქართველო უკრაინის კავშირების განმტკიცებისათვის, რომელსაც სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის, რადგან საქართველო უნდა იყოს უკრაინის გვერდით და საქართველო უნდა იყოს უკრაინის სწორს მხარეს. ჯერ კიდევ არის ამის დრო და მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გადადგას ნაბიჯი დაუყოვნებლივ საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე“, – განაცხადა გია ბარამიძემ.