მივმართავ პრემიერ-მინისტრს, რომელიც ჩვენთანაა, მტკიცედ ვიმედოვნებ, რომ საქართველო დაადასტურებს ევროპულ არჩევანს, ასევე დემოკრატიული მოდელის არჩევანს, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე განაცხადა.
როგორც მაკრონმა აღნიშნა, „მიაჩნია, რომ ევროპული დემოკრატიული მოდელიც საფრთხეშია“.
„მიმაჩნია, რომ ბოლო კვირების განვითარება აჩვენებს, რომ ევროპული დემოკრატიული მოდელიც საფრთხეშია. საქართველოსა და მოლდოვაში იყო რამდენიმე თავდასხმა, კიბერთავდასხმები, ხმის მოსყიდვა, მანიპულაციები. ყველა დამკვირვებელი ამაზე მიუთითებს. აქვე მინდა, მივულოცო მაია სანდუს ხელახლა არჩევა. მივმართავ პრემიერ-მინისტრს, რომელიც ჩვენთანაა, მტკიცედ ვიმედოვნებ, რომ საქართველო დაადასტურებს თავის ევროპულ არჩევანს, ასევე დემოკრატიული მოდელის არჩევანს“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.
უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტი იმართება. სამიტში მონაწილეობს 40-მდე სახელმწიფოს ლიდერები, მათ შორის საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.