“მივმართავ მმართველ გუნდს, სირცხვილია ყველაფრის „გაპრავება“, ამორალურია ის, რასაც აკეთებთ” – ლევან სამუშია

244
spot_img

მინდა მმართველი გუნდის წარმომადგენლებს მივმართო, სირცხვილია ყველაფრის „გაპრავება“. ამორალურია ის, რასაც თქვენ აკეთებთ. ამორალურია, როცა გამოძიების მაგივრად სცემთ საზოგადოებას პასუხებს და გამოძიებაზე საერთოდ არაფერს ლაპარაკობთ, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა წევრმა, ლევან სამუშიამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

მან საქართველოს გენერალურ პროკურატურას მოუწოდა, რაჭაში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით სამოხელეო დანაშაულთან დაკავშირებით გამოძიება დაუყოვნებლივ დაიწყოს.

„მოგმართავთ საქართველოს გენერალურ პროკურატურას, დაუყოვნებლივ დაიწყეთ გამოძიება და დაუყოვნებლივ იმოქმედეთ უფლებამოსილების ფარგლებში“,-განაცხადა სამუშიამ.

მისივე შეფასებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება, თითქოს სტიქიასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს, „საზოგადოებისთვის თვალებში ნაცრის შეყრაა“.

„შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით, „ლელომ“ 6 აგვისტოს გამართა ბრიფინგი და გააკეთა განცხადება პროკურატურის მიმართ სავარაუდო სამოხელეო დანაშაულთან დაკავშირებით გამოძიების დაწყების შესახებ. შემდგომ, ჩვენ მოვისმინეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განცხადება გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით. შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის „საზოგადოებისთვის თვალებში ნაცრის შეყრა“ და პირდაპირი მესიჯი იმისა, რომ ხელისუფლება გამოძიებას არ აპირებს, გამოძიება შესაბამისი მუხლებით არ მიმდინარეობს. პირველ რიგში, როგორც შსს-ს წარმომადგენელმა განაცხადა, მითითებული მუხლების გარდა, შესაძლოა კვალიფიკაცია შეცვლილიყო, როდესაც სამოხელეო დანაშაულზეა საუბარი. მინდა გითხრათ, რომ აქ პირველ რიგში, არის ინტერესთა კონფლიქტი. შესაძლოა, საუბარი იყოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნების მხრიდან სავარაუდო დანაშაულთან. როგორ წარმოგიდგენიათ, რომ შსს-ს გამომძიებლები იძიებდნენ თავისი უფროსების მიერ ჩადენილ სავარაუდო დანაშაულს“,-განაცხადა სამუშიამ.

მისი თქმით, გამოძიება სავარაუდო სამოხელეო დანაშაულთან დაკავშირებით უნდა დაიწყოს.

„მივმართავ საქართველოს გენერალურ პროკურატურას, ნუ აიცილებთ თავიდან გამოძიების დაწყებას. ნუ ჩადიხართ დანაშაულს, ვინაიდან გამოძიების განზრახ არდაწყება, სამსახურებრივი უფლებამოსილების განზრახ არგანხორციელება, ესეც დანაშაულია. თქვენ ვალდებული ხართ დაიწყოთ გამოძიება და არა ის, რა ფარსსაც დღეს შსს აწარმოებს. ათქმევინეს შსს-ს წარმომადგენლებს, რომ ვითომ გამოძიება მიმდინარეობდა. სრულიად ნათელია, რომ არანაირი გამოძიება არ მიმდინარეობს სამოხელეო დანაშაულთან დაკავშირებით“, – განაცხადა სამუშიამ.

გარდა ამისა, მან განმარტა, რომ „ლელო“ ან საქმეს თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ბოლომდე გაჰყვება. ლევან სამუშიას განმარტებით, პარტიის საპარლამენტო გუნდი ამ საქმეში თავიდან ბოლომდე ჩართულია.