საქართველოს აქვს სუვერენული უფლებები, რომ ჰქონდეს საკუთარი ეროვნული ინტერესები. ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები გვაქვს რუსეთთან, 1 მილიონი ეთნიკურად ქართველი გვყავს, რომელიც რუსეთში ცხოვრობს, დიასპორის სახით და პირდაპირი ფრენები რუსეთთან, მგონი, ჩვეულებრივი ამბავია, – ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კატარის ეკონომიკური ფორუმის პანელურ დისკუსიაზე განაცხადა.
მისი თქმით, პირდაპირი ფრენები არ ნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლება რაიმე პოლიტიკურ კონსულტაციებს აწარმოებს რუსეთთან.
„ბევრ ქვეყანას აქვს ფრენები რუსეთთან, მაგრამ ჩვენ განვაცხადეთ, რომ არც ერთი სანქცირებული კომპანია, არც ერთი სანქცირებული ხაზი არ იფრენს საქართველოში. უპირველეს ყოვლისა ამერიკა არის ძალიან მნიშვნელოვანი, სტრატეგიული პარტნიორი საქართველოსთვის და ძალიან მადლობელი ვართ ყველაფრისთვის, რაც ამერიკას გაუკეთებია ჩვენთვის და ევროპისაც ძალიან მადლიერნი ვართ. საქართველოს აქვს სუვერენული უფლებები, რომ ჰქონდეს საკუთარი ეროვნული ინტერესები. ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები გვაქვს რუსეთთან, 1 მილიონი ეთნიკურად ქართველი გვყავს, რომელიც რუსეთში ცხოვრობს, დიასპორის სახით და პირდაპირი ფრენები რუსეთთან, მე მგონი, ჩვეულებრივი ამბავია, თან ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ რაიმე პოლიტიკურ კონსულტაციებს ვაწარმოებთ რუსეთთან. როგორც ვახსენე ეს არის ჩვენი ეკონომიკურ და სავაჭრო ურთიერთობების შემადგენელი ნაწილი. როგორც ევროკავშირი და ამერიკა აკეთებს რუსეთთან“, – განაცხადა პრემიერმა.
ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კატარში მაღალი დონის ყოველწლიურ ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობს. ფორუმი კატარის ემირის პატრონაჟით და Bloomberg-ის ორგანიზებით იმართება.
ვიზიტის ფარგლებში ორმხრივი, მაღალი დონის შეხვედრები გაიმართა.
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც მთავრობის მეთაური ხელმძღვანელობს, ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე არიან.