“მივდივარ სასამართლოზე, არც ბილეთი მაქვს აღებული, არც ვცდილობ ვინმეს რაიმე შევეხვეწო” – მამუკა ხაზარაძე

24
spot_img

ძალიან თავმდაბლად ვიტყვი, არ მიმაჩნია საკუთარი თავი ისეთ მნიშვნელოვან ფიგურად, რომ ჩემმა დაკავებამ შესაძლოა, რაღაც მღელვარება გამოიწვიოს, მაგრამ იქნება კიდევ ერთი მაგალითი იმისა, რომ არ შეიძლება, შეეგუო იმას, რაც არ არის შესაგუებელი და არ შეიძლება, ფარ-ხმალი დატოვო, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ მედიასთან შეხვედრაზე კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

ამასთან, ჟურნალისტმა ხაზარაძეს სასამართლოში მისვლასთან დაკავშირებით მიმართა: „ელოდებით თუ არა, რომ დაგიჭერენ? ვუშვებ, რომ შესაძლებელია, დაგიჭირონ, შეიძლება, ვეღარ გამოხვიდეთ“, რაზეც ხაზარაძემ აღნიშნა: „გავიგე, მივდივარ, აბა, რა გავაკეთო. რა თქმა უნდა, შეგნებულად. არც ბილეთი მაქვს აღებული და არც რამეს ვცდილობ, რომ ვიღაცას რაღაც შევეხვეწო“ .

ამასთან, როგორც მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, ბოლომდე იბრძოლებს.

„გადაწყვეტილება მიღებული გვაქვს, ბრძოლა იქნება ბოლომდე, ციხეში ვიქნებით თუ მის გარეთ“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

საქართველოს პარლამენტის „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო მამუკა ხაზარაძის საქმე პროკურატურაში გადაიგზავნა. როგორც ხაზარაძემ 26 მარტს სოციალურ ქსელში დაწერა, მზად არის, მაგისტრ მოსამართლესთან მივიდეს.