დაუშვებელი და მიუღებელია სკოლებში, ბაღებსა და ახალგაზრდებში ლგბტ პროპაგანდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მედიასთან განაცხადა.
პრემიერის თქმით, ის პროპაგანდა, რაც „მაკდონალდსის“ ქსელში მიმდინარეობდა, ამორალური და მიუღებელი კამპანიაა.
„განსაკუთრებით საყურადღებო იყო საფრანგეთში ჩატარებული კვლევის შედეგები, სადაც აღმოჩნდა, რომ 22% ახალგაზრდების აცხადებს თავს „ელგებეტედ“, რაც ვფიქრობ საგანგაშო ტენდენციაა. რა თქმა უნდა ყველას აქვს თავისი უფლება როგორი ცხოვრების წესს აირჩევს, ჩვენ არავის საქმიანობაში, პირად ცხოვრებაში არ ვერევით, მაგრამ მეორე მხრივ ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია ის ზღვარგადასული პროპაგანდა, რომელიც უცხოეთში ბაღებსა და სკოლებში მიმდინარეობს. მადლობა ღმერთს ეს ჩვენთან არ მოხდება. ჩვენ ამას დავიცავთ. დაუშვებელი და მიუღებელია სკოლებში, ბაღებსა და ახალგაზრდებში ამის პროპაგანდა. რაც ჩვენ ვნახეთ ბოლო დღეებში, რომ ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სარესტორნო ქსელ „მაკდონალდსში“ მიმდინარეობდა ეს პროპაგანდა, ეს არის ამორალური და მიუღებელი კამპანია. ჩვენ მოვისმინეთ განმარტებები, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ჩვენთვის მიუღებელია ის პასუხი, რომ თურმე ეს არის გლობალური კამპანიის ნაწილი და ის, რომ ჩვენთანაც უნდა მივიღოთ, ასე არ მოხდება და ვფიქრობ, მისასალმებელია ის, რომ საზოგადოების რეაქცია იყო საკმაოდ მძაფრი და ადეკვატური“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.