მინდა, ხელმოცარულ ოპოზიციას მოვუწოდო, რომ უპასუხისმგებლო ქმედებებისგან თავი შეიკავონ, ეს წარმატებული ვერასდროს იქნება, მოსახლეობის უმრავლესობა დესტრუქციულ პოლიტიკას მხარს არ დაუჭერს, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა ბათუმის პორტში გამართულ აქციაზე კომენტირებისას განაცხადა.
როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობა იქნება თანმიმდევრული, რომ უზრუნველყოფილი იყოს სტაბილური გარემო ეკონომიკური განვითარებისთვის და ამ ეკონომიკურ განვითარებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი აქვს ტურიზმს.
„არ შეიძლება, რომ ამ საკითხზე არ გაკეთდეს ძალიან მკაფიო განმარტება, საქართველოს ხელისუფლება ყველა საერთაშორისო შეთანხმებებს იცავს ძალიან მკაფიოდ, ამაზე ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა განაცხადეს, რომ საქართველოში სანქციების გვერდის ავლის არცერთი ფაქტი არ ფიქსირდება. ეს გემი საქართველოში შემოვიდა და გადამოწმდა. მჭიდრო თანამშრომლობა არსებობს საზღვაო სააგენტოსა და საბაჟო სტრუქტურებს შორის, არც გემის მფლობელი და არც გემი სანქციებში არ იმყოფება, ეს ერთი, მკაფიო არის, რომ ჩვენ ეს დავიცვათ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ თანმიმდევრული ვიყოთ განცხადებებსა და პოლიტიკაში, თანმიმდევრულობა ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მივესალმებით საქართველოში ტურიზმის განვითარებას“, – განაცხადა დავითაშვილმა.
მისივე თქმით, ტურიზმი ქვეყნის ეკონომიკის ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია და მოსახლეობის შემოსავლებსა და კეთილდღეობაზე პირდაპირ აისახება.
„უპასუხისმგებლო აქციები დაორგანიზებულია უპასუხისმგებლო ოპოზიციის მხრიდან და ეს არის სუფთა პოლიტიზებული აქცია. სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის შეცდომაში შეყვანით ისინი ახერხებენ, დესტრუქციული ქმედებები მოახდინონ ქვეყანაში და ხელი შეუშალონ არა მხოლოდ ტურიზმის განვითარებას, სტაბილურობის უზრუნველყოფას, რაც პირდაპირ ეკონომიკურ კეთილდღეობას უშლის ხელს, ჩვენი მოსახლეობისა და მთლიანად ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული. ჩვენ ამას არ დავუშვებთ, რადგან ეს არის ყოვლად მიუღებელი, ეს თითოეული ჩვენი მოქალაქის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია. კიდევ ერთხელ მინდა, ხელმოცარულ ოპოზიციას მოვუწოდო, რომ მსგავსი უპასუხისმგებლო ქმედებებისგან თავი შეიკავონ, ეს წარმატებული ვერასდროს იქნება. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა დესტრუქციულ პოლიტიკას მხარს არ დაუჭერს. ჩვენ ვიქნებით თანმიმდევრული, რომ საქართველოში უზრუნველვყოთ სტაბილური გარემო ეკონომიკური განვითარებისთვის და ამ ეკონომიკურ განვითარებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი აქვს, მათ შორის, ტურიზმს. ეს ყველაფერი, რაც ახლა ხდება, არის ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯები, ხოლო ის, თუ რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება, ჩვენ ვართ პასუხისმგებლიანი როგორც საერთაშორისო საზოგადოებასთან, ისე ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებთან“, – განაცხადა დავითაშვილმა.