მინდა, ექსტრემისტ ოპოზიციას და ვითომ არასამთავრობო ორგანიზაციებს მივუსამძიმრო, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან ჩვენი გაშვების პროექტი ჩაუვარდათ -თეა წულუკიანი

264
spot_img

მინდა, ექსტრემისტ ოპოზიციას და ვითომ არასამთავრობო ორგანიზაციებს მივუსამძიმრო, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან ჩვენი გაშვების პროექტი ჩაუვარდათ -თეა წულუკიანი

მინდა, ჩვენს ექსტრემისტ ოპოზიციას და ყველა ვითომ არასამთავრობო ორგანიზაციას მივუსამძიმრო, რომ ჩვენი ხვალ აქედან ყველანაირი მიზეზის გარეშე გაშვების პროექტი ჩაუვარდათ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

წულუკიანმა კომენტარი გააკეთა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის პროექტთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილება გარკვეული დათქმებით, დროებით უნდა დამტკიცდეს.

წულუკიანის თქმით, საქართველოს დელეგაცია დღესვე დაარეგისტრირებს პროექტზე ცვლილებას, რომელიც ხვალ პლენარულ სხდომაზე განიხილება.

„დასრულდა დღევანდელი დღე. მონიტორინგის კომიტეტმაც უკვე გამოაქვეყნა ის დოკუმენტი, რომლის შემუშავებაც ჰქონდა დავალებული. შესაბამისად, ახლა უკვე ღიად მინდა გითხრათ, რომ კომიტეტზე იყო ორი ვარიანტი განხილული: ერთი – რომ ჩვენ უკვე ხვალვე ახალი მოწვევის პარლამენტის დელეგაცია გავეშვით ასამბლეიდან, როგორც იყო ეს ჩვენი ექსტრემისტი ოპოზიციის და მათი ექსტრემისტი მოკავშირეების სურვილი; მეორე ვერსია იყო ის, რომ რატიფიცირებული ყოფილიყო ჩვენი უფლებამოსილებები დროებით და სერიოზული დათქმებით. ამ სერიოზულ დათქმებში არ არის არავითარი „სააკაშვილის განთავისუფლება“ ან „სალომე ზურაბიშვილი აღიარეთ ლეგიტიმურ პრეზიდენტად“, მაგრამ არის სერიოზული სხვა დათქმებით, რაზეც მე კომიტეტს ცალსახად ვუთხარი, რომ ეს არ მოხდება, არ ჩატარდება 2028 წლამდე ახალი საპარლამენტო არჩევნები, ეს არ არის დაგეგმილი. მე ვუთხარი ეს, მათ იციან და ჩემი ეს განცხადება მათთვის სიურპრიზი ვერ იქნება. მათ ეს არ მოეწონათ, მაგრამ ასეთია ჩვენი საერთო პოზიცია, „ქართული ოცნების“ და ქართველი ამომრჩევლის უმრავლესობის პოზიცია, რომ არჩევნები ჩატარდა უკვე და გაიმარჯვა იმან, ვინც გაიმარჯვა. შესაბამისად, პროცედურა იქნება ახლა შემდეგი; მე მინდა, პირველ რიგში ჩვენს ექსტრემისტ ოპოზიციას მივუსამძიმრო, რომ ჩვენი ხვალ აქედან ყველანაირი მიზეზის გარეშე გაშვების პროექტი ჩაუვარდათ, ყველა იმ ვითომ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომლებიც, დერეფანი ათია და ყველგან რამდენიმე არიან, მათაც მივუსამძიმრო. ახლა ჩვენ ვიღებთ დროს, განვიხილავთ ამ დათქმებს და უკვე ხვალ შევძლებ, როგორც დელეგაციის ხელმძღვანელმა, გითხრათ, რა იქნება პლენარულ სხდომაზე თითოეულ ამ დათქმასთან ჩვენი პოზიცია. დღევანდელი დღე ჩვენ მოვახმარეთ იმას, რომ კომიტეტის მიერ დღეს გამოქვეყნებულ ამ შესაძლო რეკომენდაციაზე ჩვენ გვქონოდა სხვადასხვა ქვეყნის მხარდაჭერა და არაერთი ქვეყნის დელეგაციისგან გვაქვს მხარდაჭერა. ჩვენ უკვე დღესვე დავარეგისტრირებთ პროექტზე ცვლილებას და ისინი ამ ცვლილებას მხარს დაუჭერენ. შესაბამისად, ხვალ პლენარულ სხდომაზე განიხილება ეს ტექსტი და ჩვენ მიერ ინიცირებული ცვლილება, შედგება მწვავე დებატები და შემდეგ უკვე გამოჩნდება, კენჭისყრის შემდეგ რა იქნება საბოლოო შედეგი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტმა საქართველოსთან დაკავშირებით პროექტი დღეს გამოაქვეყნა.