
აქაური აგენტურის დივერსიფიცირება მიმდინარეობს. ზოგი გირაოს იხდის, ზოგს დავალება აქვს, არ გადაიხადოს. ზოგს შიდა ბატალიების მოწყობის დავალება აქვს, ზოგი საერთოდ გაჩუმებულია და ამბობენ, რომ არჩევნებში მონაწილეობას აპირებენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.
კირცხალიას თქმით, ნაკლებად საინტერესოა, ვინ გადაიხდის გირაოს და ვინ – არა.
„ისინი ცდილობენ, ამ საკითხით პოლიტიკური ამინდი შექმნან განულებულ ველზე. სურვილის მიუხედავად, რომ პოლიტიკურ ველზე ნაკლები აგენტი იყოს წარმოდგენილი, ისინი არჩევნებში მონაწილეობას მაინც მიიღებენ და დამწკრივდებიან“, – აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ზურაბ გირჩი ჯაფარიძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო ზურაბ ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი გირაო 16 აპრილს შეეფარდა. ჯაფარიძეს გირაოს გადახდის ვადა 18 მაისს ამოეწურა. კომისიის მიმართვის საფუძველზე, პროკურატურამ ჯაფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარუდგინა, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.