მიმდინარე წელს უკრაინა ნატოსაკენ მიმავალ გზაზე ალიანსში გაწევრიანებას ვერ მიუახლოვდება – რას წერს „დეილი ტელეგრაფი“

20
spot_img

 

„მიმდინარე წელს უკრაინა ნატოსაკენ მიმავალ გზაზე ალიანსში გაწევრიანებას ვერ მიუახლოვდება – ჩრდილოატლანტიკური სამხედრო ბლოკის წევრები შიშობენ, რომ ვაითუ რუსეთის წინააღმდეგ ომში იქნენ ჩაბმულნი“, – ნათქვამია ბრიტანულ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „ვაშინგტონის სამიტზე ზელენსკის ეტყვიან, რომ უკრაინა ჯერ-ჯერობით ნატოს წევრობას ვერ მიუახლოვდება“ (ავტორი – ჯო ბარნსი, კორესპონდენტი ბრიუსელში).


გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:


გერმანია და შეერთებული შტატები აფრთხილებენ კიევს, რომ უკრაინამ არაფერი არ სთხოვოს ნატოს ვაშინგტონის სამიტის მომზადების პერიოდში, რომელიც ორგანიზაციის შექმნის 75-ე წლისთავს ეძღვნება.


„ისინი ძალზე სკეპტიკურად უყურებენ უკრაინის სურვილის განხორციელებას მიმდინარე წელს ნატოში სრულუფლებიან გაწევრიანების თაობაზე“, – ატყობინებს „დეილი ტელეგრაფს“ წყარო, რომელმაც კარგად იცის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის პოზიცია, – „ამერიკას იმდენად არ ადარდებს უკრაინის სურვილი, რამდენადაც გერმანიას, მაგრამ არის იმის შიში, რომ რუსეთი უკრაინის სავარაუდო მიღების გამო ალიანსის სხვა წევრებს დაემუქრება“.


მოსალოდნელია, რომ ნატოში წევრად მიღებაზე უარის თქმა გაანაწყენებს უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის, რომელიც კოლეგებმა გააფრთხილეს, რომ მან ალიანსისაგან „შეუძლებელი არ მოითხოვოს“.


ამჯამად რუსეთის არმია გარკვეულ წარმატებებს აღწევს ფრონტის მთელ ხაზზე, ხოლო ზაფხულის პერიოდში კრემლის ჯარების შეტევაა მოსალოდნელი.


გასულ წელს ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატოს „აბსურდული“ ორგანიზაცია უწოდა, როცა ალიანსის ლიდერებმა უარი განაცხადეს უკრაინისათვის მიწვევის გაგზავნაზე, ვილნიუსის სამიტის დროს.


ალიანსიდან გამოჟონილი ინფორმაციის თანახმად (ერთ-ერთი წყაროს მიერ), სამიტის დროს უკრაინის მიღების მიზნით განსაკუთრებით დიდი ბრიტანეთი აქტიურობდა, რომელიც ერთგვარ ზეწოლას ახდენდა სხვა წევრებზე. ამიტომ ალიანსში გარკვეული განხეთქილება მოხდა. ამჟამად არსებობს იმის შიში, რომ ვაითუ ისევ, შარშანდელის მსგავსად, ახლანდელ სამიტზე უკრაინის საკითხის დომინირება მოხდეს, რაც ისევ უთანხმოებას გამოიწვევს წევრ-ქვეყნებს შორის.


მსგავსი ინციდენტს ვაშინგტონში, ინსაიდერების აზრით, შეუძლია დონალდ ტრამპს კითხვები გაუჩინოს ჯო ბაიდენის მიმართ, რაც აშშ-ის მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების ფონზე მიზანშეწონილი არ არის. ამიტომ ვოლოდიმირ ზელენსკის სთხოვეს, რომ ნუ შეეცდება ზოგიერთი თავისი მოკავშირის მეშვეობით გავლენა მოახდინოს ნატოს წევრებზე.


სამიტის დროს ნატოს ლიდერები უარს იტყვიან უკრაინის გაწევრიანების ზუსტ ვადებზე, მაგრამ, მხარდაჭერის სახით, ისინი კიევს ექსკლუზიურად შესთავაზებენ იმას, რასაც ალიანში გაწევრიანების „ხიდი“ ან „გზა“ ერქმევა.


ორი დიპლომატის თქმით, მხარდაჭერის პაკეტი, რომლიც ამჟამად განხილვის პროცესშია, შეიცავს განცხადებას, რომელშიც ხაზგასმულია, რომ უკრაინას აქვს უნარი თვითონ ამოირჩიოს თავისი მომავალი“ და დეკლარირებულია, რომ უკრაინის გზა ნატოსაკენ სულ უფრო მოკლდება“ – იმის გათვალისწინებით, რომ იგი თავს იცავს რუსეთის აგრესიის დროს.


ნატო 2008 წელს პირველად დათანხმდა იმ აზრს, რომ უკრაინას შეუძლია ალიანსის წევრი გახდეს, მაგრამ დღემდე არ დაზუსტებულა მისი გაწევრიანების ვადები.


მაგრამ 2022 წლის თებერვლის შემდეგ ნატოს წევრმა სახელმწიფოებმა მოილაპარაკეს, რომ კიევს ალიანსში გაწევრიანების უფლებას მანამ არ მისცემენ, სანამ ის რუსეთთან ომის მდგომარეობაში იქნება – წინააღმდეგ შემთხვევაში, ამოქმედდება წესდების (ხელშეკრულების) მე-5 პუნქტი ურთიერთდახმარების (კოლექტიური თავდაცვის) თაობაზე.


ვილნიუსში დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი ცდილობდნენ, რომ სამიტის დასკვნით დეკლარაციაში უკრაინის მიმართ სიტყვა „მიწვევა“ დაფიქსირებულიყო, რათა ნათელი ყოფილიყო და დადასტურებულიყო, რომ უარი მხოლოდ პოლიტიკური მიზეზით იყო განპირობებული. „მიწვევა“ ვაშინგტონშიც არ დაფიქსირდება, მაგრამ ეს ნატოსაკენ მიმავალ გზაზე გადადმული მორიგი ნაბიჯი იქნება“, – ამბობს დიპლომატი.
დახმარების პაკეტში გათვალისწინებული იქნება ძალისხმევა უკრაინის შეიარაღებული ძალების განმტკიცებისადმი, რათა გარანტირებული იყოს კიევის იმ დონით მომზადება, რომ როცა ალიანსის ლიდერები დათანხმდებიან მის მიწვევას, კიევი უკვე ამისთვის ყოველმხრივ მომზადებული იყოს.


ამისათვის ნატო ხელმძღვანელ როლს შეასრულებს (აშშ-ს ჩაანაცვლებს) „რამშტაინის პროცესში“ – 50-წევრიან ჯგუფში, რომელიც უკრაინისადმი გაწეულ დახმარებას კოორდინირებს.


ამ ორიოდე თვის წინათ ნატოს გენმდივანი იენს სტოლტენბერგმა ინიციატივა წამოაყენა უკრაინისთვის დახმარების ფონდის შექმნაზე 100 მილიარდი დოლარის ოდენობით, რომელიც ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს ნატოს სტანდარტებით გარდაქმნიდა, იარაღისა და საბრძოლო მასალების მიწოდების ჩათვლით.


მაგრამ რამდენადაც ნატოს ზოგიერთმა წევრმა სახელმწიფომ სკეპტიციზმი გამოხატა ფონდის საერთო თანხის მიმართ, ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკება ფონდის შექმნა შეიცვალოს დაპირებით, რომ ყოველი მოკავშირე კიევს განსაზღვრულ პროცენტს გამოუყოფს თავისი თავდაცვითი ხარჯებიდან.


წყარო