ეროვნული ბანკის ცნობით, პარლამენტში ამ წუთებში ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს უსმენენ.
„2022 წელს როგორც გლობალურად, ისე საქართველოში, ინფლაციის შემცირება იყო მოსალოდნელი. პანდემიით გამოწვეული მოთხოვნა-მიწოდების დისბალანსი, მიწოდების ჯაჭვების მოშლა და ლოჯისტიკური შეფერხებების ფონზე გაძვირებული ტრანსპორტირება ეტაპობრივად უნდა დარეგულირებულიყო.
2022 წელს ინფლაცია არა მხოლოდ განვითარებადი, არამედ განვითარებული ქვეყნების პრობლემაც იყო.
გაძვირებული ენერგორესურსებისა და სასაქონლო პროდუქციების ფასებმა გლობალურად ინფლაცია მკვეთრად გაზარდა და რიგ ქვეყნებში ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. გლობალური ინფლაციური ტენდენციები საქართველოს ბაზარსაც მალევე გადმოეცა და ფართო მოხმარების პროდუქტებზე, როგორებიცაა საწვავი და სურსათი (მათ შორის პური, ზეთი) ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა.
წლის დასაწყისში ინფლაციური მოლოდინების გაღვივებასა და ფასების ზრდას, ომის საწყის ეტაპზე ლარის გაუფასურებამაც შეუწყო ხელი. შედეგად, ინფლაციის შემცირების ომამდე მოსალოდნელი ტრენდი შენელდა და გასული წლის განმავლობაში ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელს მნიშვნელოვნად აღემატებოდა.
მიუხედავად ამისა, ინფლაციას წლის განმავლობაში შემცირების ტენდენცია მაინც ჰქონდა და დეკემბერში წლიური ინფლაციის დონე 9.8 პროცენტამდე შემცირდა. წლის მეორე ნახევრიდან მსოფლიო ბაზარზე საქონლის ფასების სტაბილიზაციის და ტრანსპორტირების ღირებულების შემცირების ტენდენცია გამოიკვეთა.
ამასთან ერთად, იმპორტირებულ ინფლაციას ძლიერი საგარეო მოთხოვნისა და გაუმჯობესებული მიმდინარე ანგარიშის ბალანსის შედეგად გამყარებული გაცვლითი კურსიც ამცირებდა. ინფლაციის კლებად ტენდენციას ეროვნული ბანკის მიერ გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა, ფისკალური კონსოლიდაცია და დამატებითი მაკროპრუდენციული ინსტრუმენტების ამოქმედებაც უწყობდა ხელს. ამ ტენდენციების ფონზე მიმდინარე წელს ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელს დაუხლოვდა და აპრილში 2.7% შეადგინა, მაშინ როცა გლობალურად ინფლაცია ჯერ კიდევ მაღალ დონეზე ნარჩუნდება“, – აღნიშნა არჩილ მესტვირიშვილმა.