“მიხეილ სააკაშვილის რეჟიმმა სამხრეთ ოსეთზე ვერაგული თავდასხმა განახორციელა” – რუსეთის საგარეო უწყება 

47
spot_img

2008 წლის 7-8 აგვისტოს ღამეს მიხეილ სააკაშვილის რეჟიმმა ცინიკურად დაარღვია ყველა საერთაშორისო შეთანხმება ქართულ-სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ და სამხრეთ ოსეთზე ვერაგული თავდასხმა განახორციელა, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას განცხადებაშია აღნიშნული.

„დღეს ჩვენ ვიხსენებთ 15 წლის წინ სამხრეთ კავკასიაში მომხდარ ტრაგიკულ მოვლენებს. 2008 წლის 7-8 აგვისტოს ღამეს მიხეილ სააკაშვილის რეჟიმმა ცინიკურად დაარღვია ყველა საერთაშორისო შეთანხმება ქართულ-სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ და სამხრეთ ოსეთზე მოღალატური თავდასხმა განახორციელა. პარალელურად განხორციელდა თავდასხმა რუსი სამშვიდობოების განლაგების ადგილებზე. ამ კრიმინალურ ავანტიურას უამრავი მსხვერპლი მოჰყვა სამხრეთ ოსეთის მცხოვრებლებსა და რუს სამხედროებს შორის“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მისი მტკიცებით, რუსეთი „იძულებული გახდა” მშვიდობის იძულების ოპერაცია ჩაეტარებინა.

„იმ დღეების მოვლენები სასწრაფო გადაწყვეტილებებს მოითხოვდა. შექმნილ ვითარებაში რუსეთი იძულებული გახდა აგრესორის წინააღმდეგ მშვიდობის იძულების ოპერაცია ჩაეტარებინა. 26 აგვისტოს ჩვენმა ქვეყანამ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი სუვერენულ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნო”, – აღნიშნულია განცხადებაში.

მისი მტკიცებით, რუსეთი დარწმუნებულია, რომ რეგიონში მდგრადი უსაფრთხოების მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გაფორმდება იურიდიულად სავალდებულო შეთანხმება ძალის გამოუყენებლობის შესახებ საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის.

„ასევე მათ შორის სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციით და შემდგომი დემარკაციით“, – წერს ზახაროვა.