,,მიხეილ სააკაშვილის გზავნილი ძალიან მკაფიო იყო მენეჯმენტის მიმართულებით”- ბაჩო დოლიძე

63
spot_img

დაუფარავად გეუბნებით, იმ შემთხვევაში თუ საერთო ენა ვერ გამოვნახე ჩემს პარტიასთან, არ ვაპირებ მუდმივ პაექრობაში ყოფნას. რა თქმა უნდა, ვიფიქრებ იმაზე, რა შეიძლება გავაკეთო , – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ბაჩო დოლიძემ მედიასთან საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ გავრცელებულ წერილზე საუბრისას განაცხადა. ბაჩო დოლიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის წერილი ორი ძირითადი ხაზისგან შედგებოდა, მათგან ერთი, დღევანდელ მენეჯმენტს მიემართება, რომელთაც პარტიაში განსხვავებული აზრისადმი მიუღებლობა აქვთ. „მე დავეთანხმები იმ პათოსს, სადაც საუბარია, რომ დებატები და განსხვავებული აზრი უნდა არსებობდეს პარტიაში. არ შეიძლება შენს თანამებრძოლებს სუს-ის აგენტებს ეძახდე იმის გამო, რომ განსხვავებულ პოზიციაზე არიან. შესაბამისად, ეს გზავნილი ძალიან მკაფიო იყო მენეჯმენტის მიმართულებით, ვინ როგორ გაიგო, ეს უკვე მათი საქმეა. მე ფიქრობ, რომ ცხადზე ცხადი იყო ამ თვალსაზრისით ქვეყნის მესამე პრეზიდენტის პოზიცია. ვის აქვს დღეს პარტიაში მიუღებლობა განსხვავებული აზრის მიმართ, ეს მე მგონი ცხადზე ცხადია. ამდენი თვის განმავლობაში აბსოლუტურად ყველა კარია დაკეტილი ყველა ადამიანისთვის, ვისაც განსხვავებული აზრი პოზიცია აქვს. ამ წერილში არის ორი ძირითადი ხაზი, ერთი არის ის, რაზეც უკვე ვისაუბრე და რაც შეეხება იმას, თუ დღეს პარტიას დატოვებს გარკვეულ ადამიანთა ჯგუფი, ისინი განიცდიან ფიასკოს, მე ასე მგონია, რომ ეს დამოკიდებულია ძალიან ბევრ ფაქტორზე. იმ შემთხვევაში, თუკი საერთო ენა ვერ გამოვნახე საკუთარ პარტიასთან, ასევე იმ ადამიანებმა, ვინც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში არიან ამ პარტიაში და ბევრი სირთულე გამოიარეს, თუ ჩვენ ვაწყდებით კედელს და გამოსავალი არ არის, რა თქმა უნდა, ალტერნატივა არის ის, რომ გავაგრძელებთ პოლიტიკურ ცხოვრებას, რა კონფიგურაციით და როგორ, ეს უკვე მომავლის საქმეა. რა რეზულტატს დავდებთ ესეც ჩვენზეა დამოკიდებული“, – განაცხადა ბაჩო დოლიძემ. ბაჩო დოლიძის თქმით, იმ შემთხვევაში თუ პარტიიდან წასვლის გადაწყვეტილებას მიიღებს, არ აქვს იმის შიში, რომ ფიასკოს განიცდის. „მე საერთოდ არ მაქვს იმის შიში, რომ შეიძლება ფიასკო განვიცადო. აბსოლუტურად კარგად ვაცნობიერებ თუ რა პოლიტიკური ამინდია ქვეყანაში და რაზეა დაკვეთა ჩვენი მოსახლეობის მხრიდან“, – განაცხადა ბაჩო დოლიძემ.