ჩემი აზრით, მიხეილ სააკაშვილი არ უნდა გაღორდეს და ყველაფრის მოგება თვითონ არ მოინდომოს, იმიტომ, რომ ეს ვიცით, საბოლოოდ, როგორ მთავრდება, – ამის შესახებ “გირჩის” დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ თუ ასე გაგრძელდა, პატარა პარტიები 5%-იან ბარიერს ვერ გადალახავენ.
მისივე თქმით, ვინც “ნაციონალურ მოძრაობაში” იყო, უკან უნდა დაბრუნდეს, ასევე, ვინც “ქართულ ოცნებაში” იყო, ისინიც, დანარჩენი კი მათთან.
“ჩემი აზრით, მიხეილ სააკაშვილი არ უნდა გაღორდეს და ყველაფრის მოგება თვითონ არ მოინდომოს, იმიტომ, რომ ეს ვიცით, საბოლოოდ, როგორ მთავრდება. ამისთვის საჭიროა, რომ ე.წ “ნაცური” პატარ-პატარა პარტიებისთვის ადგილი მოიძებნოს “ნაცებში” და ისინი დაბრუნდნენ. მიხეილ სააკაშვილს შეიძლება ჰგონია, რომ ის გვარამიას და მელიას გარეშეც მოიგებს. მისთვის არაფერი არ არის ის ხალხი, რომელიც სხვადასხვა პარტიებშია მიმოფანტული “ნაცმოძრაობიდან”, მაგრამ ჩემი აზრით, ის ცდება და მისი მიმართულება უნდა იყოს პირიქით, ვინც “ნაცებში” ყოფილა – “ნაცებში”, ვინც “ქოცებში” – “ქოცებში” და დანარჩენი ჩვენთან”, – განახადა იაგო ხვიჩიამ.
ამავე თემაზე საუბრისას, იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, რომ “მიხეილ სააკაშვილს დანარჩენ შიდა “ნაცურ” პარტიებთან “შუტკა” აქვს გახსნილი და შეუძლია, რაც უნდა ის ილაპარაკოს, რადგან მაინც მისი წიაღიდან მოდიან და მაინც მარტო მას ართმევენ ხმებს.”
“მაგრამ ასეთი სიხისტე, თუნდაც ამ პარტიებთან, ჩემი აზრით, არ იქნება მისთვის მომგებიანი. იმიტომ, რომ “ნაციონალური მოძრაობა” ახლა უნდა ცდილობდეს გაერთიანებას და შემოკრებას ძველი “ნაცების” და არა მათ დაბულინგებას და მუქარას. ბოლოს და ბოლოს ეს ხალხი რომ გაბრაზდეს და “ლელოში” შევიდეს, “ნაცმოძრაობა” ამით ვერ მოიგებს”, – განაცხადა ხვიჩიამ.
ცნობისთვის, დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ თუ ასე გაგრძელდა, პატარა პარტიები 5%-იან ბარიერს ვერ გადალახავენ, ამიტომ „ნაციონალურ მოძრაობას – გამარჯვების პლატფორმას“ მოუწევს ერთპიროვნულად გამარჯვება.
სააკაშვილის თქმით, მას ეჭვი არ ეპარება, რომ “ნაციონალური მოძრაობა – გამარჯვების პლატფორმა” გაიმარჯვებს.