საბოლოო ჯამში, გამოჩნდა ერთი ძალიან პრინციპული რამ, რაც ძალიან მიხარია, რომ ხალხმა დაინახა და ირწმუნა – რასაც ვამბობდით ჩვენ, რომ ამ ადამიანის ჯანმრთელობაზე სახელმწიფო ზრუნავს, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა პატიმრის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე, ადამიანის უფლებების უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად, არის სრული სიმართლე, – ამის შესახებ რატი ბრეგაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე საუბრისას განაცხადა. იუსტიციის მინისტრის თქმით, სახელმწიფოსთვის სტრასბურგი სასამართლოს გადაწყვეტილება სახელმწიფოსთვის მოსალოდნელი და ლოგიკური იყო. „[სტრასბურგის სასამართლოს] გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ მთელი ეს პიარ კამპანია, რომელიც ოფიციალურად მილიონ დოლარზე მეტი დაჯდა, დასრულდა კრახით. საბოლოო ჯამში, როდესაც საქმე მიდის არგუმენტებთან, დადასტურდა ერთი რამ – თითოეულის სიტყვის უკან, რომელსაც ჩვენ ვამბობდით, იყო მტკიცებულება. შესაბამისად, ეს იყო სიმართლე. ხოლო ეს ადამიანები შეგნებულად ატყუებდნენ საზოგადოებას. ეს [სასამართლოს გადაწყვეტილება] ნამდვილად დიდი მოულოდნელობა აღმოჩნდა მათთვის, ხოლო ჩვენთვის იყო სრულიად მოსალოდნელი და ლოგიკური შედეგი“, – განაცხადა ბრეგაძემ.
„ჩვენთვის არის ყოვლად მიუღებელი, როდესაც ვინმე გაბედავს და ჩვენს სახელმწიფოს მოიხსენიებს მწამებლად. ყველაზე პარადოქსული ის არის, რომ სწორედ იმ ძალის წინააღმდეგ, რომელიც მაქსიმალურად ცდილობდა საზოგადოებისთვის ეჩვენებინა, თითქოსდა დღევანდელ პენიტენციურ სისტემაში ვიღაცას აწამებენ, სულ რამდენიმე თვის წინ გამოვიდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ოჩიგავას საქმეზე, სადაც დეტალურად არის აღწერილი წამების ის პრაქტიკა, რომელიც ქართულ პენიტენციურ დაწესებულებებში „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს იყო.