ძალიან მიხარია, რომ დღეს ჩვენი პრემიერი, რომელიც ბერლინში იმყოფება, როგორც ჩანს აღარ საუბრობს დასავლეთზე, როგორც ომის პარტიაზე, უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადა, შეიძლება ფერისცვალება მოხდა, არ ვიცი , – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ახალგაზრდებთან შეხვედრისას განაცხადა.
ახალგაზრდების დასმულ კითხვაზე, როგორ აპირებს არჩევნების შემდეგ, როგორც პრეზიდენტმა დაიცვას ქვეყანა რუსეთის პროვოკაციებისგან, ზურაბიშვილი პასუხობს, რომ რუსეთს შეაჩერებს ერთობა და საქართველოს პარტნიორები.
„ვერავინ იტყვის ხვალ პუტინი რას გააკეთებს და რას არ გააკეთებს. ერთადერთი ომის პარტია, რაც ჩვენ ვიცით, ეს არის რუსეთი. ძალიან მიხარია, რომ დღეს ჩვენი პრემიერი, რომელიც ბერლინში იმყოფება, როგორც ჩანს აღარ საუბრობს დასავლეთზე , როგორც ომის პარტიაზე, უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადა, შეიძლება ფერისცვალება მოხდა, არ ვიცი. თუ ეს ასე არის, მე ვულოცავ მას და გავიმეორებ იმას რომ “ქართული ქარტია” ღია არის ყველასთვის, ვინც არის პროევროპული. თუ მოხდა ფერისცვალება, შემოგვიერთდეს და ხელი მოაწეროს.
რა შეაჩერებს რუსეთს და რა არის ჩვენი მთავარი ძალა? ორი რამ არის: ერთი, არის ჩვენი ერთობა. ყველა ვინც ცდილობს დაპირისპირება და სიძულვილი გაზარდოს ეს აძლიერებს მტერს. ტყუილად არ გვიწერია ჩვენ, რომ „ძალა ერთობაშია“. ერთობა რჩება ჩვენ მთავარ ძალად. მეორე ძალა არის ჩვენი პარტნიორი და მათი ჩვენ მიმართ ერთგულება, ჩვენი ერთგულება მათ მიმართ ზოგჯერ კოჭლობს.
ჩვენ არ გვაქვს, არც უფლება და არც საშუალება რომ გადავიდეთ იზოლაციაში. ნეიტრალურობაზე მითები, და რომ არ დავემონებით, არც რუსებს, ევროპას და ამერიკას ლამაზი სათქმელია, მაგრამ ჩვენ გვყავს ერთი მხრივ მეგობრები და ემორე მხრივ მტრები და ამას თუ ვერ გავარჩევთ, რაღაც გვაკლია აზროვნებაში და ლოგიკაში“,- განაცხადა ზურაბიშვილმა.
ამასთან, პრეზიდენტი გამოეხმაურა სტუდენტის რეპლიკას, რომელმაც მადლობა გადაუხადა ზურაბიშვილი იმისთვის, რომ ქართველი ხალხის მხარეს გადავიდა, რაზეც პრეზიდენტმა ასე უპასუხა: „ვიღაცამ მითხრა , კარგია რომ გადახვედით ქართველი ხალხის მხარესო. მე მგონი დიდ ხანია გადმოსული ვარ, დაბადებიდან“,- უპასუხა ზურაბიშვილმა.