მთელი ევროპა ცდილობს, ჩინეთთან დალაგდეს. ასე რომ, ოპოზიცია თავის ისტორიებს და სიგიჟეებს თავის აქტივს მოუყვეს. ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა გვაქვს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებს განუცხადა.
იგი ანაკლიის პორტის მშენებლობაში, ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმის მონაწილეობის საკითხს გამოეხმაურა.
„ჩინეთში საფრანგეთის პირველი პირები იყვნენ ჩასული. მთელი ევროპა ცდილობს, ჩინეთთან დალაგდეს. ასე რომ, ოპოზიცია თავის ისტორიებს და სიგიჟეებს თავის აქტივს მოუყვეს. ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა გვაქვს. ეს სახელმწიფო ჩვენს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს. ჩინეთთან გვაქვს თავისუფალი ვაჭრობა და ახლა უკვე უვიზო მიმოსვლაა. ანაკლიის პორტის მშენებლობა ქვეყანას მისცემს მეტ განვითარებას. მნიშვნელოვანია, რომ შუა დერეფანი ევროპასა და აზიას შორის ყველაზე მოკლე გზაა, რაც საქართველოზე გადის. სწორედ ამიტომ არის, რომ მავნებლები ვითარების არევას ცდილობენ, რათა პროექტი ჩაიშალოს. ქართველი ხალხის სურვილია, საქართველო იყოს დემოკრატიული, განვითარებული სახელმწიფო, რომელიც თავის ბედს თავად განაგებს და ამას ვაკეთებთ“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
ამასთან, ზარქუამ ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით „ლელოს“ ლიდერზე, მამუკა ხაზარაძეზეც ისაუბრა.
ირაკლი ზარქუას თქმით, „მამუკა ხაზარაძეს შესაძლებლობა ჰქონდა, თავისი ცოდნა, კაპიტალი ქვეყნისთვის მოეხმარა, მაგრამ დახარბდა და ქვეყანას მილიარდები, წლები დააკარგვინა“.
„იცის, რომ დიდი შეცდომა დაუშვა. საარჩევნოდ სამეგრელოში თუ ჩამოვა თავისი დამწვარი „მუსტანგით“, ყველა ეტყვის – შენ, ბიძია, თუ ფულის შესაძლებლობა არ გქონდა, ქვეყანას წლები რატომ დააკარგვინეო. ამას ჩემი მეგრელები ეტყვიან. თურმე, მისთვის სახელმწიფოს 400 მილიონი უნდა მიეცა, რისკები სახელმწიფოს უნდა აეღო და მოგება ხაზარაძეს წაეღო. მგონი, ანაკლიის პორტი ბანკში აერია. ანაკლიის პორტი აშენდება, რადგან ისტორიული პროექტია. ეს იქნება გვირგვინი სატრანსპორტო დერეფნის, რაც ქვეყანას ისტორიულად ჰქონდა“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობის პროცესში მონაწილე ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი სანქცირებული კომპანიების სიაში არ ირიცხება.