მესტიაში უცხო ქვეყნის მოქალაქის მკვლელობისა და ყაჩაღობის საქმეზე დაკავებულ 2 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ

6
spot_img

მესტიაში, სოფელ ნაკრასთან მომხდარ მკვლელობასა და ყაჩაღობაში, ასევე, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის საქმეზე დაკავებული ორი პირის მიმართ სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა გამოიყენა.

აღნიშნული გადაწყვეტილება ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ შოთა ბიჭიამ მიიღო.

მოსამართლის განმარტებით, საქმეზე გარკვეული მასალებია წარმოდგენილი, საიდანაც ირკვევა, რომ ორივე ბრალდებული ნასამართლევია და ისინი პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებიან. ისინი სხვადასხვა სახის დანაშაულისთვის არიან ნასამართლევი, ძირითადად, ნარკოტიკული დანაშაულებისთვის. მოსამართლის განცხადებითვე, ბრალდებულ პაკელიანის გამოკითხვის ოქმიდან ირკვევა, რომ ბოლო ქმედებებიც, რომელიც მათ ბრალად წარდგენილი აქვთ, ისევ ნარკოტიკულ დანაშაულებს უკავშირდება.

„როგორც ერთ-ერთი ბრალდებული გამოკითხვის ოქმში ამბობს, მათ სურდათ იმ ლოკაციების თაობაზე ინფორმაციის მიღება, სადაც ნარკოტიკული საშუალებები იყო დადებული და ნარკოტიკული საშუალებების მიღება. ამ სურვილმა გამოიწვია ეს ქმედებები, რომელიც შემდეგ განხორციელდა“, – განაცხადა ბიჭიამ.

დღევანდელ სხდომაზე დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს.

სახელმწიფო ბრალდება ჭკადუასა და პაკელიანის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას მოითხოვდა. როგორც პროკურორი განმარტავდა, დაკავებულების მხრიდან მიმალვის, ახალი დანაშაულისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე არსებობდა. ამასთან, სახელმწიფო ბრალმდებლის თქმით, დანაშაული ყაჩაღობის მოტივით მოხდა, ხოლო მას შემდეგ, რაც ორივე დაკავებულმა დანაშაული ჯგუფურად ჩაიდინა, შემთხვევის ადგილი დატოვეს, მათ მიერ დაუფლებული მობილური ტელეფონები გადამალეს, ასევე მოკლულის ცხედარიც სხვა ადგილას იქნა აღმოჩენილი.

პროკურორის თქმით, მკვლელობა რევაზ პაკელიანის ცეცხლსასროლი პისტოლეტიდან გასროლით მოხდა.

დაცვის მხარე ბრალდების მხარის შუამდგომლობას არ დაეთანხმა. უფლებადამცველები დაკავებულების მხრიდან ყაჩაღობის ფაქტს გამორიცხავდნენ.

ადვოკატები დაკავებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდნენ. ბეჟან ჭკადუას ადვოკატ ლაშა ხოშტარიას განმარტებით, ყველაფერი დაზარალებული ქალის ჩვენებაზეა აგებული, მანქანაში ოქროც, ფულიც და სხვა ნივთებიც იყო, დაზარალებულის ჩვენებით კი ბრალდებულებისგან სხვა ნივთის მიღების მოთხოვნას ადგილი არ ჰქონია. მისივე თქმით, გამოძიებას ერთხელაც არ დაუსვამს კითხვა, ბრალდებულები მაინც და მაინც მობილურ ტელეფონს რატომ ითხოვდნენ, ან შესაძლებელი იყო თუ არა იქ რამე ინფორმაცია ყოფილიყო, რისი ინტერესიც მათ ჰქონდათ.

„გამოძიება მხოლოდ ერთი მიმართულებით – სიკვდილის თუ მკვლელობის ფაქტის დადგენითაა შემოფარგლული, თორემ, ამას რა მოქმედებები უსწრებდა წინ, რა მოტივები ამოძრავებდათ თუნდაც, დაზარალებულს, გარდაცვლილს, ეს დადგენილი არაა. დაზარალებულის ჩვენებიდან ჩანს, როცა გზაზე გაჩერებული ავტომანქანიდან ითხოვდნენ სავარაუდოდ, ბრალდებულები დახმარებას, აწ გარდაცვლილი მანქანიდან ჩამოსვლისთანავე ამ პირებს როგორც საფრთხეს აღიქვამს, ის დანას ითხოვს, რასაც დაზარალებული ალინა გაბაევა აწვდის, ის მანქანიდან დანით ჩამოდის და ბრალდებულებს ასე ეგებება… ბევრი მნიშვნელოვანი გარემოებაა დამალული, ჩვენ ასე ვიტყოდით, რომ ამ ფაქტების დამალვა ისევ დაზარალებული ქალბატონისგან მომდინარეობს, არანაირი ტელეფონის მისაკუთრებას, წართმევას ადგილი არ ჰქონია, ჩვენ უმოკლეს ვადებში დავამტკიცებთ, რომ ტელეფონები თავად დაზარალებული ქალბატონის მიერაა განადგურებული, რადგან აღნიშნული ტელეფონი ინფორმაციებს შეიცავდა, სწორედ ეს ინფორმაციებია ყველაფრის მთქმელი აღნიშნულ საქმეზე შემდეგში კვალიფიკაციის შეცვლის მიზნით…

ვინ არის დაზარალებული, საერთოდ რა უნდოდა დაზარალებულს, რა როლი აქვს ამ ქალბატონს თუნდაც, ამ უბედურ შემთხვევასთან, თუ მკვლელობასთან… ჭკადუა მოსალოდნელი სასჯელის გამო გამოძიებას არ მიემალება, ვფიქრობ, უფრო მეტიც, მისი თავისუფლებაში ყოფნა ხელს შეუწყობს გამოძიებას დადგინდეს ქალბატონი დაზარალებულის როლი ამ საქმეში, ჰქონდა თუ არა გარდაცვლილისა და დაზარალებულის მხრიდან უმძიმესი დანაშაულების განხორციელებას ადგილი, როგორიც არის ქსელური ნარკოტიკის რეალიზაცია. ვფიქრობ, ბრალდების მხარემ ჭკადუას თანამშრომლობის საშუალება უნდა მისცეს…

პაკელიანი ჩვენებაში ამბობდა, ტელეფონს ვთხოვდი, მომაწოდე ლოკაცია, აბა, სად დადე ნარკოტიკიო. ბრალდებული გეუბნებათ, ამას ვითხოვდიო, შეკითხვა მაინც დაგესვათ დაზარალებულისთვის“, – განაცხადა ხოშტარიამ, რასაც პროკურორმა კითხვითვე უპასუხა.

„ნარკოტიკს სთხოვდა, თუ რატომ ესროლა? დაზარალებული ამბობს, ტელეფონები ძალით წაგვართვეს, ჭკადუამ დანა გამოიყენა, რომელიც ვიქტორ სოლოვიოვს ამოაცალაო, რევაზ პაკელიანმა იარაღი დაგვადოო, წამიყვანეს ავტომანქანით, გზაში დამტოვესო, მეტი რა ვიცი, რა უნდა გაეკეთებინათ? ოქრო რომ არ წაიღეს, ხომ არ ნიშნავს, რომ რაღაც არ წაიღეს?“, – განაცხადა პროკურორმა, რასაც ბრალდებულ რევაზ პაკელიანის რეპლიკა მოჰყვა, რაზეც პროკურორმა მას ჰკითხა, თუ რატომ ესროლა სოლოვივოს.

„გავიგე, ტელეფონი არ მოგცათ, რევაზ ბატონო, არ გისვრიათ?“, – ჰკითხა ბრალდებულს ბრალმდებელმა, რასაც დაკავებულმა პაკელიანმა უპასუხა, რომ ის „თავს იცავდა და იმიტომ ესროლა“.

ცნობისთვის, შემთხვევა 5 იანვარს, მესტიაში მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები – რევაზ პაკელიანი და ბეჟან ჭკადუა ზუგდიდიდან მესტიაში მიმავალ უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ და გასტაცეს მობილური ტელეფონები. პროკურატურის ცნობითვე, დანაშაულის დაფარვის მიზნით, ბრალდებულებმა, ჯგუფურად ერთ-ერთი დაზარალებული ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს, ამის შემდეგ, დანისა და ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით მეორე დაზარალებულს მობილური ტელეფონები მოსთხოვეს და გაიტაცეს მესტიის რაიონის სოფელ ნაკრის მიმართულებით.მოგვიანებით, ბრალდებულმა დაზარალებული გაუშვეს, ხოლო დანაშაულის დაფარვის მიზნით მოკლულის ცხედარი მდინარეში გადააგდეს და მიიმალნენ.

რევაზ პაკელიანსა და ბეჟან ჭკადუას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით (დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობა), 179-ე მუხლით (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად), 143-ე მუხლით და 236-ე მუხლით (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16 დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.