“მეფე ჩარლზი მნიშვნელოვან სამეფო ტრადიციას აგრძელებს – კანადას აშშ-ის გავლენა-ზეწოლისაგან იცავს” -The Independent

19
spot_img

ბრიტანულ გაზეთ „ინდეფენდენთში“ (The Independent) დაბეჭდილია მოწინავე სტატია სათაურით: “მეფე ჩარლზი მნიშვნელოვან სამეფო ტრადიციას აგრძელებს – კანადას აშშ-ის გავლენა-ზეწოლისაგან იცავს” (ავტორი – ტესა დანლოპი). „მაშინ როცა დონალდ ტრამპი ჩრდილოელ მეზობელს 51-ე შტატად გადაქცევას უპირებს, მეფე ჩარლზის წარმატებულმა ვიზიტმა ოტავაში მსოფლიოს შეახსენა, რომ იგი კანადის მეფეც არის“, – ნათქვამია პუბლიკაციაში.

გთავაზობთ სტატიას შემოკლებული სახით:

მეფე ჩარლზმა ოტავაში ჩასასვლელად, გრძელი გზა გაიარა, რომ კანადის პარლამენტის 45-ე სესია გაეხსნა და სენატის ხალხით სავსე დარბაზში ქვეშევრდომების წინაშე გამოსულიყო. ხელმწიფის ძალისხმევა და დრო უქმად არ დაკარგულა. ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს ახალი მეთაური, რომელიც მოკრძალებულად იყო ჩაცმული და რომელიც ფრანგულ და ინგლისურ ენებზე – კანადის სახელმწიფო ენებზე – თავისუფლად ლაპარაკობს, არ ერიდებოდა პოზიტიურ გამოთქმებს იმ ქვეყნის მიმართ, სადაც მონარქს სივრცე აქვს მანევრებისათვის. მან საჭიროდ ჩათვალა შეეხსენებინა აუდიტორიისათვის, რომ „მონარქია განასახიერებს სტაბილურობასა და მემკვიდრეობას წარსულიდან მომავლისაკენ“. იგი ამაყად გამოიყურებოდა –  თანამედროვე კანადის სიმბოლოდ, მთელი თავისი ბრწყინვალებით და დინამიზმით.

მრავალრიცხოვანი შეხვედრები, ხანგრძლივი გამოსვლა ორ ენაზე, ტრანსატლანტიკური მგზავრობა… ასეთი რეჟიმი, რასაკვირველია, მეფეებისათვისაც რთულია. ის ფაქტი, რომ 76 წლის ჩარლზი ისევ მკურნალობს კიბოს ავადმყოფობის გამო – 14 თვის განმავლობაში, გვახსენებს იმას, რომ მისთვის დრო ძალიან ძვირფასია და რაოდენ დიდ მნიშვნელობას იძენს ის 24 საათი, რომელიც მან კანადაში გაატარა.

კანადის ახალი პრემიერ-მინისტრის მარკ კარნის თქმით, „მეფის ვიზიტი ისტორიულია, სრულიად შეესაბამება თანამედროვე გეოპოლიტიკურ სიტუაციას და უბრალო ენით თუ ვიტყვით, მისი აქ ყოფნა ხაზს უსვამს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს“. მარკ კარნი კანადელი ანგლოფილების წარმომადგენელია, იგი თავის დროზე ინგლისის ბანკს ხელმძღვანელობდა და მეფე ჩარლზის ოტავაში ჩასვლა პრემიერისთვის კიდევ ერთ გამარჯვებას წარმოადგენს.

მეფე ჩარლზის ვიზიტმა ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ ბრიტანეთის ხელმწიფე კანადის უზენაეს მეთაურადაც ითვლება – აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გასაგონად, რომელსაც სურს კანადა ამერიკის 51-ე შტატად გადააქციოს.

ჩარლზი ბრიტანეთის პირველი მეფე არ არის, რომელიც კანადის საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოდის. როცა საკითხი კანადას ეხება, უნდა გავიხსენოთ, რომ უინძორების დინასტია სამეფოს ამერიკულ ნაწილს ყოველთვის დიდ ყურადღებას აქცევდა: 1957 და 1977 წლებში დედოფალი ასევე სიტყვით გამოვიდა, ხოლო მანამდე, 1951 წელს, აწ გარდაცვლილი მეფე ფილიპე კანადას პირველად ეწვია. სხვათა შორის, იმ დროს ტრანსატლანტიკური გადაფრენები საკმაოდ სარისკო იყო, მაგრამ ღირდა იმისთვის, რომ ბრიტანელ მონარქს  კანადელების გული დაეპყრო და პარალელურად სამხრეთი მეზობლის – აშშ-ის აგრესიული ზრახვები განეიტრალებინა.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დონალდ ტრამპი თავის გეგმებში ორიგინალური არ არის. ამერიკა პერიოდულად გამოხატავდა სურვილს თავისი ჩრდილოეთი საზღვრის მიღმა მდებარე მიწების ხელში ჩასაგდებად. ჯერ კიდევ 1775-76 წლებში, როცა თომას ჯეფერსონი ამერიკის დამოუკიდებლობაზე ფიქრობდა, მას ამერიკა მთლიანობაში კანადის ტერიტორიის ჩათვლით ჰქონდა წარმოდგენილი. გავიხსენოთ, რომ აშშ-ის კონგრესმა საჭიროდ ჩათვალა კანადაში შეჭრა და 1776 წელს კონტინენტური არმიის ნაწილები, გენერალ რიჩარდ მონტგომერის სარდლობით კვებეკის დასაპყრობად გაემართნენ და მონრეალი დაიკავეს. მაგრამ კანადელები  ბრიტანელების მხარეზე დადგნენ და ამერიკის ჯარები უკუაგდეს. დამოუკიდებლობისათვის ომის დასრულების ჟამს აშშ-ის მთავარ მიზანს წარმოადგენდა ის, რომ ეძულებინა დიდი ბრიტანეთი კანადა მისთვის გადაეცა. საბოლოოდ, ვაშინგტონის გეგმები ვერ განხორციელდა.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოს როლი რომ წარმატებით გააგრძელოს, მისთვის აუცილებელია ამერიკის კონტინენტზე უსაფრთხოება და თანამშრომლობა გაგრძელდეს. აშშ-მა უნდა დაივიწყოს ოცნებები კანადის 51-ე შტატად გადაქცევის თაობაზე, დონალდ ტრამპმა მადლობა უნდა უთხრას კანადას, რომ გვერდით ერთგული მეზობელი ჰყავს. კანადის მეთაურია ბრიტანეთის მეფე და დონალდ ტრამპს საქმე ჩარლზთან ექნება. საბოლოო ჯამში, როგორც ჩანს, გამარჯვებული სწორედ მონარქის ინსტიტუტი იქნება.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: