მედვედევის განცხადებებს არჩევნებს ვუკავშირებ – რუსეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ხელისუფლება დარჩეს ძალაუფლებაში. დარწმუნებული ვარ, წინასაარჩევნოდ, როგორც ჩვენი ხელისუფლება, ისე კრემლი ბევრ ასეთ მუქარას გამოიყენებს, – ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფის „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, რუსეთს საქართველოში კიდევ უფრო ფართო ექსპანსია სურს.
„ეს არის კრემლის ამბიცია, რომ უკრაინაში ყოველდღიური მარცხის შემდეგ, მას ჰქონდეს წარმატების ფორმულა, რაც უნდა იყოს უფრო ფართო ექსპანსია რბილი ძალის გამოყენების შედეგად საქართველოსა და მოლდოვაში. ჩვენ ვხედავთ, როგორ ცდილობდა რუსეთი ამას მოლდოვაში და ვხედავთ, როგორ ცდილობს საქართველოში. სამწუხაროა, რომ საქართველოში რბილი ძალის გაფართოებაში რუსეთს საქართველოს ხელისუფლება ეხმარება. ვფიქრობ, მედვედევის, პუტინის, კრემლის მუქარა უკავშირდება იმას, რომ მათი სურვილია უფრო ეფექტური იყოს რბილი ძალა საქართველოში და არის კიდეც, მას შემდეგ რაც ივანიშვილი და „ქართული ოცნებაა“ ხელისუფლებაში. მე ამას განსაკუთრებით დავუკავშირებ არჩევნებს, არჩევნებამდე, იცით, რომ ერთი წელი დარჩა. ძალიან მნიშვნელოვანია რუსეთისთვის, რომ ეს ხელისუფლება დარჩეს ძალაუფლებაში, რაც არის პრაქტიკულად შეუძლებელი. დარწმუნებული ვარ, წინასაარჩევნოდ როგორც ჩვენი ხელისუფლება, ისე კრემლი გამოიყენებს ექსპანსიის ბევრ ასეთ მუქარას,“ – განაცხადა დეკანოიძემ.
ინფორმაციისთვის, რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება პრაგმატიზმით გამოირჩევა, ამიტომაც “მათთან ურთიერთობები ვითარდება”.
მედვედევმა ქართულ კულტურაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ქართული კულტურა მსოფლიოში რუსული კულტურის ნაწილად აღიქმება.
„თუ ინტერნეტში მოძებნით მწვადს ან სხვა რაიმეს, ქვეყნების უმეტესობაში ეს აღიქმება არა როგორც კავკასიური, არამედ რუსული სამზარეულოს ნაწილად“, – განაცხადა მედვედევმა.