შეხვედრამ კვლავ აჩვენა რამდენად კომპლექსური საკითხია, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, სილვიუ დომენტემ აქონდროპლაზიასა და მედიკამენტ „ვოსორიტიდის” თაობაზე საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„დღევანდელი შეხვედრა კონკრეტულად აქონდროპლაზიას და საქართველოში ამ დაავადების მქონე ბავშვების მედიკამენტებზე წვდომას დაეთმო. საქმე იშვიათ დაავადებასა და მედიკამენტებს ეხება, რომლებიც იშვიათი დაავადებების მკურნალობისთვის გამოიყენება.
შეხვედრამ კვლავ აჩვენა რამდენად კომპლექსური საკითხია და რამდენი კითხვა არსებობს. ამავდროულად, მსოფლიოს მასშტაბით ამ მედიკამენტის სამედიცინო მონაცემები ძალიან მწირია.
რამდენიმე პროცესის მიმდინარეობს. პირველია, საქართველოში ამ მედიკამენტის გამოყენების დამტკიცება და, როგორც წესი, ეს ექსპერტებისა და მრავალდისციპლინარული გუნდის მიერ ხდება ხოლმე სამედიცინო მონაცემებსა და კლინიკურ ცდებზე დაყრდნობით. ზოგიერთ ქვეყანაში ეს ფარმა-ეკონომიკურ ანალიზსა და ხარჯების ეფექტურობაზე დაყრდნობით ხდება”, – განაცხადა დომენტემ.
ამასთან, მისივე თქმით, მედიკამენტის გამოყენებისთვის დამტკიცება მხოლოდ პირველი ეტაპია, ეს არ ნიშნავს, რომ დამტკიცების შემდეგ იგი ავტომატურად ხელმისაწვდომი იქნება.
„ვინაიდან საქმე იშვიათ დაავადებას ეხება, ძალიან ცოტა პაციენტი არსებობს ამგვარი მკურნალობის ქვეშ. ასე რომ, კლინიკური მონაცემები ძალიან მწირია და ბევრ ქვეყანაში [მედიკამენტის] გამოყენებისთვის დამტკიცების პროცესს საკმაოდ დიდი დრო მიაქვს.
მაგრამ გამოყენებისთვის დამტკიცება მხოლოდ პირველი ეტაპია. ეს არ ნიშნავს, რომ დამტკიცების შემდეგ ეს მედიკამენტები ავტომატურად ხელმისაწვდომი იქნება მკურნალობისთვის. შემდეგი ეტაპია სახელმწიფოს მიერ მისი კომპენსაციის დამტკიცება და კომპენსაციის ბევრი სქემა არსებობს, ამიტომ უნდა გადაწყდეს როგორ მოხდება ამ მედიკამენტის დაფარვა – სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ალტერნატიული წყაროებიდან თუ შერეული წყაროებიდან. ასე რომ, გარკვეული დრო ამასაც მიაქვს და დამოკიდებულია ქვეყნების ჯანდაცვის სისტემაზე, საბიუჯეტო მონაცემებზე და ბევრ სხვა ფაქტორზე“, – განაცხადა დომენტემ.