,,მე ვარ დარწმუნებული, რომ თქვენ ხვალ იქნებით ძალიან ბევრი, მეცთ ქვენთან ერთად ვიქნები”- სალომე ზურაბიშვილი

2
spot_img

ვარ ძალიან კმაყოფილი, ბედნიერი და იმედიანი. ყველაფერი კარგად არის და ყველაფერი კარგად იქნება, რადგან ის სულისკვეთება, ერთსულოვნება, რაც აუცილებელია გამარჯვებისთვის, ჩვენი ევროპაში დაბრუნებისთვის, არსებობს ამ ქვეყანაში და არსებობს იმით, რომ ის ოთხი მთავარი პარტია რჩება ქარტიის სრულიად ერთგული, იმ სამოქმედო გეგმის ერთგული, რომელმაც უნდა დაგვაბრუნოს ევროპაში, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ნებისმიერი ხმა, რომელიც მიცემული იქნება ამ ოთხი პარტიისთვის,  საქართველოს მიიყვანს ევროპაში.

„ყველა იმ ადამიანს, რომელსაც სჯერა, რომ საქართველოს ერთადერთი გზა და ერთადერთი ალტერნატივა არის ევროპა, ეძლევა საშუალება, თვითონ აირჩიოს, თავისი გემოვნებით, რომელი პარტია უფრო ახლოს არის მის სურვილებთან, მის გემოვნებასთან. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერი ხმა, რომელიც მიცემული იქნება ამ ოთხი პარტიიდან რომელიმესთვის, მიგვიყვანს ევროპაში. ჯამი ამ ხმების მიგვიყვანს ევროპაში. ეს იქნება ის უმრავლესობა, რომელიც დაამტკიცებს ყველა იმ პუნქტს, რაც წერია ქარტიაში. ეს გვაჩვენებს ძალიან სწორ გზას, მიხვეულ-მოხვეულების გამონაკლისით, არ იქნება მიხვეულ-მოხვეულები. ასევე, მინდა გითხრათ, რომ ჩვენი პარტნიორები დგანან ჩვენ გვერდით. ამისი დამადასტურებელი არის ის ბოლო განცხადებები, რაც ჩვენ მოვისმინეთ ბრიუსელიდან, ევროპული კავშირის საბჭოდან და ასევე, დღეს მე შევხვდი ევროკავშირის ელჩს, რომელმაც გამიმეორა არამხოლოდ მხარდაჭერა ამ გზის, ამ ქარტიის, ამ სამოქმედო გეგმის, არამედ ის, რომ როგორც კი დაინახავენ, რომ საქართველოს მოსახლეობამ გამოთქვა არჩევნებში თავისი მშვიდი, მაგრამ ურყევი ნება, დაუბრუნდეს ევროპას, მაშინვე ამოქმედდება ყველაფერი ის, რაც საჭირო არის, რომ ძალიან სწრაფად დაგვაბრუნონ იმ გზაზე. ძალიან სწრაფად აღადგინონ თუნდაც ის დახმარებები, რაც დღეს გაყინულია“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ხვალისთვის დაგეგმილ „ევროპულ მარშს“ შეუერთდება.

„ვიცი, რომ ხვალ ძალიან ბევრი ადამიანი გამოვა. მე ვიცი ამავე დროს, რომ თქვენ მიმართ არის ძალიან ბევრი მუქარა, ჭორი, ზეწოლა და სხვადასხვა ფორმებით მცდელობები, რათა დაგაჯერონ, რომ ყველაფერი გაყალბდება, დაგაჯერონ, რომ თქვენი ხმა იქ ვერ მივა, სადაც უნდა მივიდეს. არ უნდა გეშინოდეთ, რადგან თქვენ ხართ სწორ გზაზე, ჩვენ ვართ სწორ გზაზე. ჩვენ ამას მივაღწევთ იმ გზით, რომელიც არის ერთადერთი მშვიდობიანი გზა, ეს არის მშვიდობიანი არჩევნები. ამისთვის უნდა იყოს ეს გამარჯვება ძალიან ნათელი, ეჭვის გარეშე. ამიტომ, არ უნდა გეშინოდეთ არც ხვალ გამოსვლის, არც – ერთ კვირაში თქვენი ხმის იქ მიტანის, სადაც გადაწყდება საქართველოს მომავალი, ჩვენი ერთობლივი მომავალი. ხვალ თქვენთან ვიქნები და იქაც თქვენთან ვიქნები“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.