![Screenshot_2](https://geotimes.ge/wp-content/uploads/2025/02/screenshot_2-7.jpg)
„ამერიკულმა ტაბლოიდ-გაზეთმა “ნიუ-იორკ პოსტმა” (The New York Post) კვირას გამოაქვეყნა თავისი კორესპონდენტის მირანდა დევინის ექსკლუზიური რეპორტაჟი დონალდ ტრამპის თვითმფრინავის ბორტიდან, რომელშიც ნათქვამია, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა სატელეფონო საუბარი ჰქონდა ვლადიმერ პუტინთან რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების თაობაზე. ეს ინფორმაცია მსოფლიოს ბევრმა მასობრივი ინფორმაციის საშუალებამ გაავრცელა, კრემლში კი უარი თქვეს მის დადასტურებაზე ან უარყოფაზე”, – იუწყება ბრიტანული „ბიბისი“ (BBC) სტატიაში სათაურით: “მე უმჯობესია გავჩუმდე და არაფერი ვთქვა“. დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის საუბარი: რა მოხდა სინამდვილეში”.
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
რა დაწერა ისეთი „ნიუ-იორკ პოსტმა“ და როგორ კომენტარს უკეთებენ გაზეთის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას? ერთადერთი მთავარი მომენტი ისაა, რაც პუბლიკაციის პირველივე აბზაცშია ნათქვამი – სატელეფონო საუბარი ორ პრეზიდენტს შორის მართლაც გაიმართა. სტატიის სათაური ასეთია: „ტრამპმა თქვა, რომ პუტინთან ტელეფონით ისაუბრა. მან განაცხადა, რომ რუს პრეზიდენტს „სურს ადამიანები უკრაინის ომში აღარ დაიღუპნონ“.
„როგორც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უთხრა „ავიაბორტ პირველზე“ (Air Force One – პრეზიდენტის თვითმფრინავი) მყოფ ჩვენს კორესპონდენტს ექსკლუზიურ ინტერვიუში, მან ტელეფონით ისაუბრა რუსეთის ლიდერთან ვლადიმერ პუტინთან იმ მიზნით, რომ „შეეცადოს მიაღწიოს შეთანხმებას უკრაინასთან ომის დასრულებაზე“.
პუბლიკაციის ავტორი არ იმოწმებს დონალდ ტრამპის კონკრეტულ ციტატას, სადაც ვლადიმერ პუტინია ნახსენები. ჟურნალისტი ასევე არ აზუსტებს, თუ როდის შედგა სატელეფონო საუბარი პრეზიდენტებს შორის.
კითხვაზე, თუ რამდენჯერ დაურეკა მან, დონალდ ტრამპმა, თავის რუს კოლეგას ვლადიმერ პუტინს, აშშ-ის პრეზიდენტი პასუხობს: „უმჯობესია გავჩუმდე და ამაზე არაფერი ვთქვა“. ამით მან მიანიშნა, რომ ეს კონფიდენციალური მონაცემებია.
აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე განუცხადა „ნიუ-იორკ პოსტს“, რომ მისი აზრით, ვლადიმერ პუტინს „ადარდებს ბრძოლის ველზე ადამიანების სიკვდილი“; „მას სურს, რომ ადამიანების დაღუპვა არ ხდებოდეს“.
შემდეგ პუბლიკაციაში ნახსენებია დონალდ ტრამპის ჩვეულებრივი გამონათქვამები – „მე რომ 2022 წელს ამერიკის პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ომი არ დაიწყებოდაო“ და ა.შ.
გარდა ამისა, ჟურნალისტ მირანდა დევინის თქმით, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას აქვს ომის დასრულების კონკრეტული გეგმა. პუბლიკაციაში ამ გეგმის დეტალებზე არაფერია ნათქვამი, არის მხოლოდ პრეზიდენტის ასეთი ციტატა: „ვიმედოვნებ, [ომი] მალე დასრულდება. ყოველდღიურად უამრავი ადამიანი იღუპება. ეს ომი უკრაინისათვის ძალიან ცუდია. მე მინდა ეს უბედურება დავასრულო“.
თუ „ნიუ-იორკ პოსტის“ კორესპონდენტს დავუჯერებთ, დონალდ ტრამპმა ასევე მიმართა გვერდით მჯდარ თანაშემწეს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკ უოლცს და უთხრა: „მოდით, დავიწყოთ შეხვედრები. მათაც ხომ შეხვედრები სურთ. ამდენი ახალგაზრდა, სიცოცხლით სავსე ჯარისკაცების სიკვდილი აღარ უნდა გაგრძელდეს. ისინი ისეთივე ახალგაზრდები არიან, როგორიც ჩემი შვილები – ორივე მხრიდან. ყველგან ბრძოლის ველზე“.
გაზეთი „ნიუ-იორკ პოსტი“ ცნობილია როგორც ტაბლოიდური გამოცემა, კონსერვატიული პოზიციები აქვს და მხარს უჭერს დონალდ ტრამპს. ის არ მიეკუთვნება ტრადიციულ ამერიკულ მასმედიას, რომლებიც პოლიტიკაზე ავტორიტეტულად წერენ, ვთქვათ, ისე როგორც „ნიუ-იორკ თაიმსი“ ან „ვაშინგტონ პოსტი“.
რას ამბობენ კრემლში და როგორი რეაგირება მოახდინა მაიკ უოლცმა
კვირას კრემლის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა მიანიშნა, რომ მისთვის უცნობია დოლად ტრამპის სატელეფონო საუბარი ვლადიმერ პუტინთან. „ბევრი რამ ხდება და არაა გამორიცხული, რომ ყველაფრის საქმის კურსში არ ვიყო. ამ შემთხვევაში მე პრეზიდენტების საუბარს ვერც დავადასტურებ და ვერც ვუარყოფ“.
თავის მხრივ რუსეთის წარმომადგენელმა გაეროში ვასილი ნებეზნიამ კომენტარის სახით გაიმეორა ცნობილი ფორმულირება – მოსკოვი ელოდება ვაშინგტონის სიგნალებს უკრაინასთან კონფლიქტის დარეგულირების საკითხში და „მზად არის კონტაქტებისათვის თანასწორ საფუძველზე, რუსეთის ინტერესების გათვალისწინებით“.
მაიკ უოლცმა უარი თქვა დაედასტურებინა პუტინ-ტრამპის სატელეფონო საუბარი. მას კითხვა დაუსვეს ტელეარხ „ენბისი ნიუსის“ ეთერში: „როდის მოხდა სატელეფონო საუბარი?“. პასუხისათვის უოლცი ჯერ ჩაფიქრდა, შემდეგ კი თქვა: „მე პრეზიდენტის წინ ვერ გავიქცევი. ამჟამად, ბუნებრივია, ბევრი ისეთი ამბები ხდება, რომლებიც ადამიანთ გრძნობებზე მოქმედებს“. მან დაამატა, რომ ამ დღეებში ევროპაში ტრამპის ადმინისტრაციის ჩინოვნიკები გაემგზავრებიან და უკრაინელებთან შეხვედრებს გამართავენ იმაზე, თუ როგორ დაასრულონ ომი. „ამასთან, დონალდ ტრამპმა ნამდვილად თქვა ის, რომ იგი მზად არის რუსეთის მიმართ სანქციები გამოიყენოს, თუ მოსკოვი უარს განაცხადებს სამშვიდობო მოლაპარაკებაში მონაწილეობის მისაღებად“, – დაამატა მაიკ უოლცმა.
რამდენჯერ ჰქონდა კონტაქტი ტრამპს პუტინთან და ზელენსკისთან
ავტორიტეტული ამერიკელი ჯურნალისტი ბობ ვუდვორტი თავის წიგნში „ომი“ წერს, რომ თეატრი სახლიდან წასვლის შემდეგ ( 2021 წლიდან) ტრამპმა პუტინთან ტელეფონით სულ ცოტა შვიდჯერ მაინც ილაპარაკა, მაგრამ ამ საუბრების შინაარსი უცნობია. ამასთან, კრემლმა ვუდვორტის ინფორმაციის მიმართ კომენტარის დროს აღნიშნა, რომ ის სინამდვილეს არ შეესაბამება.
გაზეთმა ვაშინგტონ პოსტმა“ 2024 წლის ნოემბერში, საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ, დაწერა, რომ მან პუტინთან 7 ნოემბერს ისაუბრა.
რაც შეეხება უკრაინის ლიდერთან საუბრებს: როგორც ცნობილია, აშშ მხარს უჭერს პრინციპს „არაფერი უკრაინაზე უკრაინის გარეშე“, რომლის აზრი ისაა, რომ ყოველგვარი მოლაპარაკება ომის დასრულებაზე მხოლოდ უკრაინის წარმომადგენლების მონაწილეობით უნდა მოხდეს.
ვოლოდიმირ ზელენსკის არაერთხელ უთქვამს, რომ დონალდ ტრამპი ჯერ მას უნდა შეხვდეს, შემდეგ კი ვლადიმერ პუტინს: „ეს ძალიან მნიშვნელოვანია, სხვაგვარად ისე გამოვა, რომ სხვები წყვეტენ უკრაინის საკითხს უკრაინის გარეშე. პარტნიორებმა საკითხი ჯერ ერთმანეთში უნდა განიხლონ და შეათანხმონ, შემდეგ კი მოწინააღმდეგეს დაელაპარაკნონ“.
დონალდ ტრამპი ბოლო დროს ვოლოდიმირ ზელენსკის ორჯერ შეხვდა (ნიუ-იორკში და პარიზში), პარასკევს კი განაცხადა, რომ სავარაუდოდ უკრაინელ ლიდერს ამ კვირაში სეხვდება. კითხვაზე – სად, ვაშინგტონში? – ტრამპმა უპასუხა; „შესაძლოა ვაშინგტონში… აბა, მე ხომ არ წავალ იქ“ როგორც დამკვირვებლები ამბობენ, „იქ“ ნიშნავს მიუნჰენის უსაფრთხოების კონფერენციას, რომელიც ამ დღეებში გაიმართება. მასში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ზელენსკი, ასევე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეიმს დევიდ ვენსი და ტრამპის სპეცწარმომადგენელი კიტ კელოგი.
მოამზადა სიმონ კილაძემ