მე რომ დღეს ვყოფილიყავი, თბილისის ქუჩებში ბევრად გაძლიერებული იქნებოდა ბრძოლა -მიხეილ სააკაშვილი

16
spot_img

მე რომ დღეს ვყოფილიყავი, თბილისის ქუჩებში ბევრად უფრო გაძლიერებული იქნებოდა ბრძოლა. ეს იცის ამ დიქტატორმაც და იმიტომ არ მიშვებს თქვენთან ახლოს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, მისი ფილოსოფია არის და ყოველთვის იყო საქართველოს თავისუფლება.

„ჩემი მთელი ფილოსოფია ემყარებოდა იმას, რომ გამეძლიერებინა საქართველოს მოქალაქე. იმიტომ წარმოიშვა ეს ახალი თაობა არაკორუფციაში გაზრდილი და მინდა, ვუთხრა იმ ხალხს, ვისაც ერიდება ჩემი სახელის ხსენება – მოდით, ისტორიას ნუ გადავწერთ. მე რომ დღეს ვყოფილიყავი, თბილისის ქუჩებში ბევრად უფრო გაძლიერებული იქნებოდა ეს ბრძოლა. ეს იცის ამ დიქტატორმაც და იმიტომ მალპობს ციხეში და იმიტომ არ მიშვებს თქვენთან ახლოს. იმიტომ ჩამკეტა უცხოეთში თავის დროზე და არ მიშვებდა აქ, იმიტომ აღძრა ეს სისხლის სამართლის საქმეები, რომ ხალხში არ გავსულიყავი, ხალხს არ ვენახე და ჩემ ნაცვლად მოეყოლათ ათასგვარი სისულელე ჩემზე და ჩემს მმართველობაზე. ჩემი ფილოსოფია არის და ყოველთვის იყო საქართველოს თავისუფლება. ჩემი ფილოსოფია იყო ძლიერი მოქალაქე და ამას ვამბობდი ყოველთვის. ძლიერი მოქალაქე, ძლიერი ქალაქები, ამიტომ ვაშენებდით, ამიტომ გავხადეთ ბათუმი იმად, რადაც გადავაქციეთ. ამიტომ, ამიტომ ვქმნიდით ქუთაისისგან საოცრებას, რომ დაგვცლოდა. ამიტომ ვაკეთებდით ძალიან მაგარ რაღაცას ლაზიკაში, რომ ზუგდიდი ლაზიკასთან ერთად იქნებოდა შავი ზღვისპირეთის ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ქალაქი, თუ ყველაზე მაგარი არა ბათუმთან ერთად. ყველაფერი ეს იყო და ყველაფერი ეს ისევ დაბრუნდება, მაგრამ ამისთვის საჭიროა ბრძოლა, ამისათვის საჭიროა თავდადება. მე ჩემი წილი თავდადება და ჩემი წილი ბრძოლა უკვე გაჩვენეთ. ჩვენი ამოცანა ახლა არის, რომ ვერავინ ჩაკლას ქართველი ერის გენეტიკური კოდი და არ გამოცვალოს იგი. მეგობრებო, ბევრ ლაპარაკს აზრი არ აქვს, ახლა არის ბრძოლის დრო“, – განაცხადა სააკაშვილმა.

ამავე დროს, სააკაშვილმა აღნიშნა, რომ სამშობლოს კარგავენ და ამ ვითარებაში მნიშვნელოვანია ერთიანობით ბრძოლა. მიხეილ სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ „ისჯება 9-წლიანი საამაყო, ოქროს ხანის გამო“.

„ჩვენ უკან დასახევი აღარ გვაქვს, რადგან, პრაქტიკულად, უკვე დავკარგეთ სამშობლო და უკან უნდა დავიბრუნოთ. არავისთვის მორალის კითხვას არ ვაპირებ, ყველამ თავის გულში ჩაიხედოს, მაგრამ ყველამ გაიგოს, ცალ-ცალკე ყველას განაადგურებენ, ყველანი ერთად ამ ყველაფერს გადავტეხავთ და ისევ ვიქნებით თავისუფალი და წარმატებული ქვეყანა, როგორც ვიყავით იმ 9-წლიანი, საამაყო ოქროს ხანის დროს. ახლა ხომ მაინც უნდა ითქვას სიმართლე, ის იყო ოქროს ხანა და ამის გამო ვისჯები მე, ამის გამო ისჯება საქართველო. იმაზე მაგარ რაღაცებს შევქმნით, ოღონდ ამისთვის საჭიროა ერთიანობა, სიძლიერე, შეტევა, კიდევ ერთხელ შეტევა“, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.