“მე, როგორც ევროკავშირის ელჩს, მაქვს პრინციპი, რომ არ გავაკეთო კომენტარი სხვის მიერ გაკეთებულ კომენტარებზე, მე წარმოვადგენ მხოლოდ ევროკავშირს, რომელიც ყოველთვის მხარს უჭერს მშვიდობას და დიალოგს” -პაველ ჰერჩინსკი 

0
spot_img

მზია ამაღლობელის საქმე გულსატკენია, მას ემუქრება შვიდ წლამდე პატიმრობა. ჩვენ უნდა დაველოდოთ სასამართლო პროცესის დასრულებას. ჩვენ, ყველანი ვაკვირდებით მას ყურადღებით და ვიმედოვნებთ, რომ სამართალი აღსრულდება, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში მრავალი აქტივისტის, პოლიტიკოსის, ადამიანის მიმართ უკიდურესად არაპროპორციული განაჩენი დგება.

„საქართველოში წარმოვადგენ ევროკავშირის პოზიციას, რომელიც ყოველთვის უჭერს მხარს მშვიდობას, დიალოგს და ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ საქართველოში ამჟამინდელი ღრმა პოლიტიკური კრიზისი გადაიჭრება მშვიდობიანი გზით, დიალოგის გზით, ქართველების აბსოლუტური უმრავლესობის სურვილის საფუძველზე, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს. ამავე დროს ევროკავშირი ძალიან მტკიცედ დგას ღირებულებების, თავისუფლების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მხარდასაჭერად. ეს ღირებულებები მოლაპარაკებებს არ ექვემდებარება. საქართველოში ვხედავთ მრავალი აქტივისტის, პოლიტიკოსის, ადამიანის მიმართ უკიდურესად არაპროპორციულ განაჩენებს და მზიას საქმე არის ნამდვილად გულსატკენი. ადამიანი, უმაღლესი ჟურნალისტური სტანდარტებით, დაპატიმრებულია დაახლოებით ნახევარი წლის განმავლობაში და ემუქრება შვიდ წლამდე პატიმრობა. ის იყო ყოველთვის კრიტიკული ყველა ხელისუფლების მიმართ. ის, რაც მან გააკეთა, არ შეესაბამება იმ განაჩენს, რომელიც შესაძლოა, გამოუტანონ. ჩვენ უნდა დაველოდოთ სასამართლო პროცესის დასრულებას. თქვენ ნახეთ ორი დღის წინ ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია. ჩვენ, ყველანი ვაკვირდებით ამას ყურადღებით და ვიმედოვნებთ, რომ სამართალი აღსრულდება“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

მისი თქმით, ევროკავშირს სურს, საქართველო იყოს დემოკრატიული ქვეყანა, სადაც კანონის უზენაესობა დაცულია, სადაც ადამიანებს აქვთ სიტყვის, შეკრების თავისუფლება.

„ევროკავშირს სურს, საქართველო იყოს დემოკრატიული ქვეყანა, სადაც კანონის უზენაესობა დაცულია, სადაც ადამიანებს აქვთ სიტყვის თავისუფლება, სადაც ადამიანებს აქვთ შეკრების თავისუფლება და ქვეყანა, რომელიც უახლოვდება ევროკავშირს, რათა გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი. ეს რომ მოხდეს, ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობა, ფუნდამენტური თავისუფლებები, შეკრების თავისუფლება, სიტყვის თავისუფლება უნდა იყოს დაცული საქართველოში“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.