“მე რასაც ვფიქრობ, ყოველთვის იმ გადაწყვეტილებას ვიღებ” – ირინა იმერლიშვილი 

315
spot_img

მე რასაც ვფიქრობ, ყოველთვის იმ გადაწყვეტილებას ვიღებ. დამერწმუნეთ, ამ შემთხვევაშიც ასე იქნება. იმედი მაქვს, ჩემი კოლეგებიც ზუსტად ასე მოიქცევიან, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ ირინა იმერლიშვილმა, პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ მორიგი საკონსტიტუციო სხდომის დაწყებამდე განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მხარეები მოსამართლეების დასმულ ყველა კითხვას პასუხობენ, მიუხედავად იმისა, რომ აქვთ უფლება არ უპასუხონ.

„როგორც იცით, პირველადაა იმპიჩმენტის პროცედურა, შესაბამისად, ახლა მკვიდრდება ის სტანდარტი, რასაც სასამართლო გადის. კანონმდებლობის თანახმად, როგორც წესი, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს სასამართლო იმპიჩმენტის პროცედურას, თუმცა, მაღალი ინტერესიდან გამომდინარე და იქიდან გამომდინარე, რომ მართლაც უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხია, სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ზეპირი მოსმენით განეხილა ეს საკითხი. შესაბამისად წავიდა იმ პროცედურებით, რაც სარჩელის განხილვის დროს არის – ხოლმე. ახლა ვართ იმ ეტაპზე, როდესაც მხარეები ერთმანეთს უსვამენ შეკითხვებს. ამ ეტაპის დასრულების შემდეგ მიეცემათ მათ შემაჯამებელი სიტყვების თქმის საშუალება და ამით დასრულდება პროცესი. მე ვფიქრობ, რომ კითხვები რომელიც ისმება, ლეგიტიმურია. შესაბამისად, ყველა ის კითხვა, რომელსაც დასვამს მოსამართლე, მას გადაწყვეტილების მიღებისთვის დასჭირდება. პასუხებსაც მოვისმენთ, დავსხდებით, შევჯერდებით, დავფიქრდებით და შემდეგ წარვადგენთ დასკვნას. დასკვნა წარედგინებათ მხარეებს, როგორც მოგეხსენებათ, ერთი თვის განმავლობაში და ამ ვადაში უნდა ჩავეტიოთ.

მე რასაც ვფიქრობ, ყოველთვის იმ გადაწყვეტილებას ვიღებ. დამერწმუნეთ, ამ შემთხვევაშიც ასე იქნება. იმედი მაქვს, ჩემი კოლეგებიც ზუსტად ასე მოიქცევიან. ვფიქრობ, რომ ისინიც ზუსტად იმიტომ სვამენ ამდენ შეკითხვას, რომ სჭირდებათ გადაწყვეტილების მისაღებად. არცერთი შეკითხვა არ დასმულა, რომელზე პასუხისთვისაც მხარეებს თავი აერიდებინათ. ასეთი შეკითხვა არ დასმულა, თუმცა მათ აქვთ უფლებაც, რომ არ გვიპასუხონ“,- განაცხადა ირინა იმერლიშვილმა.