
ბატონი ზვიადი [ხარაზიშვილი] თავისი საქმის კარგი პროფესიონალია. მე რაც ვიცი, ბატონი ზვიადი კადრების განკარგულებაში გადავიდა და თუ მისი ნება იქნება, მხოლოდ ამ შემთხვევაში წავა შსს-ს ორგანოებიდან. მე თუ სწორი ინფორმაცია მაქვს, თუ თავად არ დაწერა პატაკი და არ დატოვა შსს, ის სხვა პოზიციაზე გადანაცვლდება, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ მედიასთან.
ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე – „ზვიად ხარაზიშვილის შემცვლელი მიხეილ სააკაშვილმა ვახტანგ გორგასლის ორდენით დააჯილდოვა, რა შეგიძლიათ გვითხრათ ამასთან დაკავშირებით?“ – მდინარაძემ ასე უპასუხა:
„თუ ადამიანი მუშაობდა იმ პერიოდში და საჯარო სამსახურში რაღაცა პოზიციას იკავებდა, ეს ნაცობას არ ნიშნავს. გარანტირებულად შემიძლია გითხრათ, რომ 2012 წელს ნაცმოძრაობამ საჯარო სექტორშიც კი პირწმინდად წააგო არჩევნები. ნაცების დროს რომ რაღაც თანამდებობას იკავებდა, იყო გმირი პოლიციელი და თავის სამშობლოს ემსახურებოდა, თქვენ ამ ადამიანებს გინდათ ნაცის იარლიყი მოარგოთ და ეს არ გამოგივათ. მე გაძლევთ გარანტიას, რომ არც ერთი ნაცი არცერთ უწყებაში თანამდებობაზე არ იქნება ძალიან მალე. პიარისთვის სჭირდებოდათ – ამოარჩევდნენ ხოლმე წარმატებულ პოლიციელს, პროკურორს, საჯარო მოხელეს და აჯილდოებდნენ ხოლმე. რადგან პიარისთვის ამ ადამიანების დაჯილდოებას იყენებდნენ, ჩვენ ეს ადამიანები არსად დავნიშნოთ?“, – განაცხადა მდინარაძემ.