მე დონალდ ტრამპთან ვმუშაობდი და მას კარგად ვიცნობ – ტრამპის ყოფილი მრჩეველი ეროვნული უშიშროების საკითხებში

26
spot_img

ბრიტანულ გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) დაბეჭდილია სტატია სათაურით „მე დონალდ ტრამპთან ვმუშაობდი და მას კარგად ვიცნობ“, რომლის ავტორია ჯონ ბოლტონი, დონალდ ტრამპის ყოფილი მრჩეველი ეროვნული უშიშროების საკითხებში, მისი პირველი ვადის პრეზიდენტობის პერიოდში.

„დონალდ ტრამპის მრჩევლად ყოფნა მისი მოქმედების კარგად გაგების გასაღებს წარმოადგენს“, – წერს ჯონ ბოლტონი, რომელიც თეთრ სახლში მუშაობის პერიოდში, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის დავალებით, 2018 წლის ოქტომბერში საქართველოსაც ეწვია, თუმცა შემდეგ ბოლტონსა და ტრამპს შორის უთანხმოება მოხდა და პრეზიდენტმა იგი თანამდებობიდან გაათავისუფლა. მას შემდეგ ჯონ ბოლტონი, სადაც კი შესაძლებლობას და დროს იპოვის, დონალდ ტრამპს მუდამ აკრიტიკებს. ამ სტატიაშიც მისი კრიტიკული პოზიციაა გამოხატული.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

რა სურს და რის მიღწევას ცდილობს სინამდვილეში დონალდ ტრამპი? რა შეიძლება ჩაითვალოს მის მოქმედებაში ბლეფად, ტრაბახად და გარიგებად და არა? იმდენად, რამდენადაც მას არ გააჩნია ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია, იგი ყველაფერს სპონტანურად აკეთებს, რის გამოც მემარცხენეები და მემარჯვენეები ძალიან ხშირად გაურკვევლობაში იმყოფებიან. დონალდ ტრამპი თვითონ წარმოადგენს „ტრანზაქციურობის“ (ფულის გადარიცხვის ოპერაცია ყიდვა-გაყიდვისას) განსახიერებას, შესაბამისად, რა ხდება მის ტვინში, ამის გაგება პრაქტიკულად შეუძლებელია. მასმედია, პოლიტიკოსები და ბიზნესმენები ხშირად ირწმუნებიან, რომ იგი მხოლოდ პოზიორობს, მაგრამ შემდეგ უკვირთ მისი მოქმდების შედეგები. გაიხსენებთ პრეზიდენტის მიერ მოქმედება უკრაინის, ნატოს და ტარიფების საკითხებში.

ბევრი ამბობდა, დონალდ ტრამპი საკუთარ თავს არასოდეს არ ჩაიგდებსო უხერხულ მდგომარეობაში უკრაინის კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებით, თუ იგი დარწმუნებული არ არის რუსეთის პოზიციაში, ანუ იგი არ გადადგამდა სარისკო ნაბიჯს თავისი თავისთვის. მთელი წინასაარცევნო კამპანიის განმავლობაში დონალდ ტრამპი განუწყვეტლივ იმეორებდა და ტრაბახობდა, რომ ომს რამდენიმე დღეში დაასრულებდა და რომ ომი საერთოდ არ დაიწყებოდა, იმ დროს რომ თვითონ ყოფილიყო პრეზიდენტი. ამ „კვეხნა-პოზიორობაში“ ვერავინ ვერ შენიშნა, თუ როგორ გადაიზარდა მისი თითქოსდა „ცარიელი განცხადებები“ ვლადიმერ პუტინთან მეგობრობის განახლების პრაქტიკულ მცდელობში. სხვათა შორის, დონალდ ტრამპისათვის ლიდერებს შორის კარგი პირადი ურთიერთობა ყოველთვის ნიშნავს კარგ ურთიერთობას იმ ქვეყნებს შორის, რომლებსაც ეს ლიდერები ხელმძღვანელობენ, რაც მსოფლიოსადმი ძალიან გამარტივებულ მიდგონას წარმოადგენს.

ვლადიმერ პუტინი ამბობს, რომ მას მშვიდობა სურს. დონალდ ტრამპიც ეთანხმება თავის რუს კოლეგას. მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ იგი უსაფუძვლოდ მიენდო კრემლის ნათქვამს და ხაფანგში აღმოჩნდა. კაცმა რომ თქვას, სინამდვილეში დონალდ ტრამპს არასოდეს არ ჰქონია უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის სურვილი. იგი მშვიდობის მიღწევას რუსეთის მიმართ დათმობებზე წასვლით ცდილობს, მაგრამ უკრაინის ხარჯზე.

უფრო მეტიც: უნდა გავითვალისწინოთ იმ გარემოება, რომ დონალდ ტრამპს ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატობა სურს. მას თავისი პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს აშკარად შურდა ბარაკ ობამასი, რომელმაც პრემია მიიღო და გრძნობდა, რომ მასაც შეუძლია ჯილდოს დამსახურება. სწორედ ამ მიზნით დაიწყო მან სატელეფონო გადარეკვები ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან. დონალდ ტრამპი რუსეთ-უკრაინის ომს „უაზროს“ უწოდებს და შესაბამისად, თუ ომი უაზროა, ის რაც შეიძლება სწრაფად უნდა დასრულდეს, თუნდათ ომის მსხვერპლის მხრიდან ტერიტორიული დათმობებით. რასაკვირველია, ეს მხოლოდ ზედაპირული მსჯელობას წარმოადგენს: დონალდ ტრამპი თავს არ იწუხებს იმის გასაცნობიერებლად, რომ სასწორზე რეალური ღრმა პრობლემები და ქვეყნის ბედი დევს. მას არ აინტერესებს უკრაინის პერსპექტივა და გადარჩენა, მას სურს ცეცხლის შეწყვეტა ყველაფრის საფასურად – „მშვიდობა იყოს, თუნდაც უკრაინის საზიანოდ“. იგი ძალიან ჩქარობს ნობელის პრემიის მიღებას.

ისინი, რომლებსაც სჯეროდათ, რომ დონალდ ტრამპი არ დაარღვევდა უკრაინის სახელმწიფოებრიობას და უფრო უარესი – არ დადგებოდა ვლადიმერ პუტინის მხარეს, ბევრჯერ დარჩნენ გაკვირვებულები და შოკშიც ჩავარდნილან პრეზიდენტის ნაბიჯებით. მაგალითად, ტრამპისტები კმაყოფილნი დარჩნენ პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, რომ მან კიტ კელოგი, თავისი გრძელვადიანი მრჩეველი, მთავარ მომლაპარაკებლად დანიშნა მშვიდობის დამყარების საკითხებში, მაგრამ როგორც მოსკოვმა განაცხადა, რომ კიტ კელოგი „ძალიან პროუკრაინულად ლაპარაკობსო“, დონალდ ტრამპმა იმავწუთს „გვერდზე გასწია“ და, შეიძლება ითქვას, საქმეს ჩამოაშორა. მიუხედავად იმისა, რომ კიტ კელოგი დონალდ ტრამპის მიმართ ურყევ ერთგულებას ამჟღავნებდა და ფრიად გამოცდილი პიროვნებაა, ეს პრეზიდენტისათვის საკმარისი არ აღმოჩნდა. დონალდ ტრამპი თვლის, რომ პრეზიდენტის წარმომადგენელი პრეზიდენტის პირით უნდა ლაპარაკობდეს და ზედმეტი არაფერი არ უნდა თქვას.

რაც შეეხება ნატოს: დამკვირვებელთა თქმით, დონალდ ტრამპი, უბრალოდ ვაჭრობდა, როცა აცხადებდა, რომ აშშ არ დაიცავდა ისეთ მოკავშირეებს, რომლებიც თავიანთი თავდაცვის გასამტკიცებლად მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 2%-ს არ დახარჯავენო. მისი მუქარები, რომ აშშ ნატოს დატოვებს, ექსპერტებს სასაცილოდ არ ჰყოფნიდათ. მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ დონალდ ტრამპი რასაც ამბობს, იმას ყოველთვის აკეთებს – მიუხედავად იმისა, სწორია თუ არა მისი მოქმედება. მერწმუნეთ, რომ ცრდილოატლანტიკური ალიანსი სულაც არ არის დაზღვეული იმისგან, რომ ერთ მშვენიერ დრეს ამერიკა ნატოს წევრობაზე უარს განაცხადებს. ალიანსიდან გასვლის შესაძლებლობა ისევ არის დონალდ ტრამპისათვის პრიორიტეტული.

დონალდ ტრამპი აღტაცებულია ტარიფების გადიდებით. იმის ფონზე, რაც ამ დღეებში მსოფლიოს ბირჟებზე ხდება, უკრაინისა და ნატოს საკითხები ფერმკრთალდება. დონალდ ტრამპი თავისი მოუზომელი ნაბიჯით უდიდეს ზიანს აყენებს როგორც საერთაშორისო ეკონომიკურ სიტემას, ასევე თვით ამერიკასაც: ბუმერანგი უკან ისევ ამერიკას დაუბრუნდება. დონალდ ტრამპს რომ ყველაფერი პირველ აპრილს დაეწყო და არა ორ აპრილს, მას შეეძლო ეთქვა, რომ გაიხუმრა და ტარიფები რეალურად არ გაიზრდება, მაგრამ, სამწუხაროდ, საბაჟო გადასახადების ზრდა ნამდვილი აღმოჩნდა. აშშ-სათვის „ეკონომიკური დამოუკიდებლობის დღე“, როგორც პრეზიდენტმა მონათლა თავისი ბრძანებულების გამოქვეყნება, ზარალიანი აღმოჩნდა.

ასე რომ, დონალდ ტრამპს თუ აქვს ნობელის პრემიის მიღების შანსი, იგი მიიღებს არა მშვიდობის დაცვაში, არამედ ლიტერატურის დარგში. ისევე როგორც უკრაინის შემთხვევაში, აშშ-ის პრეზიდენტი უპირველეს ყოვლისა თავის „შინაგან ხმას“ უსმენს, ვიდრე სხვების ნათქვამს, თუმცა იგი ადვილად ექცევა იმის გავლენის ქვეშ, ვინც მოსწონს. დონალდ ტრამპი თავის ილუზიურ სამყაროს ქმნის და მასში ცხოვრობს. შეიძლება ითქვას, რომ იგი პარალელურ სამყაროში იმყოფება. მისთვის ციფრებს მაგიური ძალა აქვს. სამწუხაროდ, დონალდ ტრამპი ნეგატიურად რეაგირებს, როცა ციფრები რეალურ სამყაროში ერთმანეთს არ ემთხვევა და ამბობს: „ბოლოს და ბოლოს, ვინ არის აქ მთავარი? ციფრები ერთმანეთს უნდა დაემთხვეს“.

დონალდ ტრამპს არ შეუძლია აშშ-ის მეგობრების გარჩევა მტრებისაგან – არც სამხედრო-პოლიტიკური და არც ეკონომიკური თვალსაზრისით, თუმცა ეს მას საერთოდ არ აღელვებს. მისთვის მნიშვნელოვანია ის მეგობრები და მტრები, რომლებიც აშკარად არ ემთხვევა აშშ-ის მტერ-მოყვარეთა სიას.

წყარო