მე არ ვიცი, ლავროვი სად ხედავს საქართველოს იდენტობას, რომელიც ვითომცდა უცებ გვიბრუნდება – არსად დაკარგულა -შევახსენებ მას, რომ ჩვენი იდენტობა ძალიან ძლიერად დგას – პრეზიდენტი

12
spot_img

ზოგჯერ ვიღაცებს ავიწყდებათ, რომ მტრის პირველი მიზანია წაშალოს ჩვენი ძეგლები, რადგან ძეგლების წაშლა ჩვენი იდენტობის წაშლაა. და მე არ ვიცი, ლავროვი სად ხედავს საქართველოს იდენტობას, რომელიც ვითომცდა უცებ გვიბრუნდება, – არსად დაკარგულა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც კულტურული მემკვიდრეობის აღდგენა-შენარჩუნების საქმეში შეტანილი წვლილისა და ქვეყნისათვის გაწეული სამსახურისათვის რამდენიმე პირი დააჯილდოვა.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ქართული იდენტობა ძალიან ძლიერად დგას სწორედ იმიტომ, რომ გვაქვს ძლიერი საზოგადოება და ძლიერი შეგნება.

„ყველამ კარგად ვიცით, თუმცა ზოგჯერ ვიღაცებს ავიწყდებათ, რომ მტრის პირველი მიზანია წაშალოს ჩვენი ძეგლები, რადგან ძეგლების წაშლა ჩვენი იდენტობის წაშლაა. და მე არ ვიცი, ლავროვი სად ხედავს საქართველოს იდენტობას, რომელიც ვითომცდა უცებ გვიბრუნდება, – არსად დაკარგულა. მე შევახსენებ მას, რომ ჩვენი იდენტობა ძალიან ძლიერად დგას და დგას სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს ძლიერი საზოგადოება და ძლიერი შეგნება.

ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია მუშაობს ძეგლთა დაცვისა და ჩვენი კულტურის დაცვის მიმართულებით, ამდენად, მნიშვნელოვანია ჩვენი არასამთავრობო სექტორის შენარჩუნება, უცხოელი პარტნიორების მხარდაჭერით მათი გაძლიერება, რაც იყო და რამაც აქამდე მოგვიყვანა და რაც უთუოდ გაგრძელდება, რადგან ეს ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი მოსახლეობის ძალიან მკაფიო სურვილი და ნებაა, რომელსაც ვერავინ შეცვლის. და ამ ყველაფრის სიმბოლო სწორედ არხოტში გუშინწინდელი ღონისძიებაა, რომ ჩვენ ვდგავართ იქ, სადაც უნდა ვიდგეთ; ჩვენ გვყავს ის პარტნიორები, რომლებიც უნდა გვყავდეს; ჩვენ ვაფასებთ პარტნიორებს და ვიცით ასევე ჩვენი წარსულის და ჩვენი ძეგლების ფასი; ვიცით სად ვიყავით, სად ვართ და სად მივდივართ“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მედიაჰოლდინგ РБК-თან ინტერვიუში ქართულ პოლიტიკაში მიმდინარე ვითარებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ თანამედროვე ქართული ხელმძღვანელობის პოლიტიკა დაკავშირებულია ეროვნული ქართული იდენტობის გაცნობიერებასთან და ლიბერალური დემოკრატიის ღირებულებების მავნებლობის გააზრებასთან.