მე არ ვარ დამწუხრებული, მე ვარ შეშფოთებული -ალექსეი გონჩარენკო

70
spot_img

როგორც საერთაშორისო დამკვირვებელი, მე ვუყურებდი, რა ხდებოდა ქალაქგარეთ, არ ვფიქრობ, რომ შეგვიძლია, ამას ვუწოდოთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, ჩემი პერსონალური პოზიცია ასეთია, – ამის შესახებ უკრაინის რადას წევრმა, ალექსეი გონჩარენკომ განაცხადა.

გონჩარენკოს თქმით, „არჩევნები იყო ნაყიდი“.

„როდესაც ჩვენ ვხედავთ შედეგებს საარჩევნო უბნებიდან, სადაც მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ 94% აიღო, მე მხოლოდ ერთი კითხვა მებადება – 194% რატომ არა? ეს არის რაღაც ძალიან უცნაური, გამოიყურება როგორც ჩრდილოეთ კორეაში დაბრუნება და არა როგორც ევროპული დემოკრატიული ქვეყანა. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა მკაფიოდ თქვა, რომ მან დაინახა ამომრჩევლების დაშინება, ძალიან დაძაბული გარემო განსაკუთრებით რეგიონებში, სადაც ამომრჩევლებისთვის იყო ძალიან რთული ნების თავისუფლად გამოხატვა. ასე რომ, ეს ყველაფერი არის ძალიან შემაშფოთებელი. პრესკონფერენციაზე დაისვა კარგი შეკითხვა – იყო თუ არა ეს არჩევნები მოპარული. ჩემი პირადი პასუხია, ეს არჩევნები იყო ნაყიდი. ეს არის ჩემი პირადი პასუხი იმის მიხედვით, რაც ვიხილე საკუთარი თვალით, განსაკუთრებით რეგიონებში.

ამასთან, გონჩარენკოს კითხვა დაუსვეს თავის განცხადებაზე, სადაც „ქართველებს ცხინვალსა და აფხაზეთში გასეირნებას ურჩევდა“.

„მინდა, გითხრათ, აქ ვარ, როგორც საერთაშორისო დამკვირვებელი, არ ვაკეთებ რაიმე პოლიტიკურ განცხადებას. ჩვენ აქ ვართ, რომ დავეხმაროთ ქართველ ხალხს, ჰქონდეთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. მე გითხარით თქვენ ჩემი პირადი პოზიცია. სამწუხაროდ, მე არ ვარ შეშფოთებული, მე ვარ დამწუხრებული, რადგან არ ვფიქრობ, რომ შეგვიძლია, ამ არჩევნებს ვუწოდოთ თავისუფალი და სამართლიანი. ეს არის ჩემი, როგორც საერთაშორისო დამკვირვებლის მოსაზრება. ჩემთვის ეს ძალიან სამწუხაროა, რადგან მე მიყვარს საქართველო, მინდა, ვიხილო საქართველო ცივილიზებული მსოფლიოს ნაწილად და არ მინდა, რომ საქართველო რუსული გავლენის ქვეშ ვიხილო. როდესაც საქართველოში შემოვედი, მიუხედავად იმისა, რომ მე საერთაშორისო დამკვირვებელი ვარ, საპასპორტო კონტროლის დროს გარკვეული დრო დამაყოვნეს, ყოველგვარი მკაფიო მიზეზების გარეშე. ამის შემდეგ კი, ერთ-ერთ პროსახელისუფლებო მედიაში ვნახე, რომ ჩემს ციტირებას ახდენდნენ. მე აქ არ ვარ რამეზე გავლენის მოსახდენად პოლიტიკური მხრიდან, მაგრამ მინდა, რომ ქართველი ხალხმა წარმატებას მიაღწიოს ევროპული კეთილდღეობის მქონე ქვეყნის შენებაში“, – განაცხადა გონჩარენკომ.