,,მძიმე მემკვიდრეობის მიუხედავად, სახელმწიფო მაქსიმუმს აკეთებს ეროვნული ინტერესების დასაცავად”-პრემიერი

9
spot_img

ბორდერიზაცია არის სწორედ 2012 წლამდე ჩადენილი დანაშაულის მემკვიდრეობა, მაშინ იქნა ჩადენილი კონკრეტული დანაშაული „ნაცმოძრაობის” რეჟიმის მიერ, როცა ჩააბარეს ჩვენი ტერიტორიების 20% და ბორდერიზაცია არის ამ ყველაფრის მემკვიდრეობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ამ მძიმე მემკვიდრეობის მიუხედავად, სახელმწიფო მაქსიმუმს აკეთებს ეროვნული ინტერესების დასაცავად.

„შეგახსენებთ, რომ გამსახურდიას დროს გაუქმებული საზღვრები თავიდან, კანონის დონეზე შემოხაზა „ნაცმოძრაობის რეჟიმმა. მათ თავიდან აღადგინეს სამხრეთ ოსეთის ძველი ოლქის საზღვრები და პირდაპირ შექმნეს იმ საზღვრებში ადმინისტრაციული ერთეული. დღევანდელი ბორდერიზაცია მიყვება სწორედ „ნაცმოძრაობის” მიერ აღდგენილ საზღვრებს, პირდაპირ იმ რუკებით მოქმედებენ, რომელიც დააკანონა „ნაცმოძრაობამ”. არ არსებობდა ეს საზღვრები 2006 წლამდე და 2006 წელს სწორედ „ნაცმოძრაობამ” დააკანონა ის საზღვრები, რასაც მიყვება დღეს ეს ბორდერიზაციის პროცესი. ეს ჩვენთვის არის შემაშფოთებელი, თუმცა ამ ყველაფერმა შეუქმნა რეალურად რუსეთის ფედერაციას ბორდერიზაციის საფუძველი. პირდაპირ დაუკანონეს საზღვრები საკუთარი კანონით”, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძის შეფასებით, დღეს სახელმწიფო ამ მიმართულებით ეფექტიანად მუშაობს, რაც გამოიხატება იმაში, რომ არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა, როცა ბორდერიზაცია სცდება „ნაცმოძრაობის” მიერ დაკანონებული საზღვრების ფარგლებს.

„თუ არ ჩავთვლით გახარიას ერთ-ერთ დავალებას, რამაც გამოიწვია ის, რომ ბორდერიზაცია განხორციელდა იმ ძველი საზღვრების მიღმა, სხვა შემთხვევაში არსებითად არ ყოფილა არც ერთი ასეთი შემთხვევა, როცა ბორდერიზაცია სცდება „ნაცმოძრაობის” მიერ დაკანონებული საზღვრების ფარგლებს. ეს არის ეფექტური მუშაობა. მაქსიმუმი კეთდება ამისთვის. რაც შეეხება გატაცება-მკვლელობას, იყო ძალიან მძიმე ფაქტები ამ კუთხით, თუმცა აქაც რაოდენობა თვისებრივად შემცირებულია. რომ ავიღოთ მკვლელობა-გატაცება, წინა ხელისუფლების პერიოდში რამდენჯერმე აღემატებოდა მაჩვენებელი ჩვენი ხელისუფლების პერიოდს, უბრალოდ მალავდნენ ამ ინფორმაციას, სამივე ტელევიზია იყო ერთ ხელში, მაშინდელი რეჟიმის ხელში და ეს ინფორმაცია იმალებოდა. ჩვენი ხელისუფლების პირობებში, მონაცემები რადიკალურად შემცირებულია და სწორედ ეს უკავშირდება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ეფექტიან მუშაობას”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.