“მდიდარი „ენჯეოები“ ცდილობენ, აშშ-ის ახალ ელჩს არ მისცენ ურთიერთობების გადატვირთვის საშუალება”-ირაკლი კობახიძე

88
spot_img

მდიდარი „ენჯეოები“ ცდილობენ, აშშ-ის ახალ ელჩს ურთიერთობების გადატვირთვის საშუალება არ მისცენ და პირიქით, ეს ურთიერთობები რამენაირად დამატებით დააზიანონ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, იმედოვნებს, ელჩ რობინ დანიგანსაც ექნება აქტიური რეაგირება ყველა იმ ქმედებაზე, რომელიც ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობების გაღრმავების წინააღმდეგ არის მიმართული.

„დღეს საქართველოში მოქმედმა მდიდარმა და მათთან დაკავშირებულმა „ენჯეოებმა“ გამოაქვეყნეს წერილი, რომლითაც საქართველოს ხელისუფლებას ამერიკული სანქციების რეაგირების გარეშე დატოვების გამო უსაყვედურეს. როგორც საზოგადოებას მოეხსენება, შვიდი თვის წინ, რამდენიმე მოქმედ და ყოფილ ქართველ მოსამართლეს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სახელით სავიზო შეზღუდვები დაუწესდა. საქართველოს ხელისუფლებამ სცადა, პარტნიორებისგან შესაბამისი ბრალდებების გამამყარებელი მტკიცებულებები მიეღო, თუმცა უშედეგოდ. მეტიც, მოვისმინეთ სრულიად არადამაჯერებელი განმარტება, რომ მოსამართლეებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესება ღია წყაროებიდან, ანუ ტელევიზიებიდან, გაზეთებიდან და სხვა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებიდან მიღებულ ინფორმაციას ეფუძნებოდა. ექვსი კვირის წინ, სანქცირებულ პირთა ამერიკულ სიაში შეყვანილ იქნა საქართველოს მოქალაქე, ოთარ ფარცხალაძე. როგორც ამ საქმეზე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა პარლამენტის სხდომაზე განმარტა, სამსახურმა პარტნიორებისგან გამოითხოვა შესაბამისი მტკიცებულებები. თუმცა, როგორც გაირკვა, საქართველოს ხელისუფლებას არც ოფიციალურ და არც პირად შეხვედრებზე, არც ღია და არც დახურული არხებით არავითარი მტკიცებულება არ მიუღია. მეტიც, პარტნიორებმა ქართულ უწყებებს თავად სთხოვეს მტკიცებულებების მოპოვება და გაგზავნა ფარცხალაძის საქმეზე. აღნიშნული ინფორმაცია ცხადყოფს, რომ მოსამართლეებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესება და ოთარ ფარცხალაძის სანქცირებულ პირთა სიაში შეყვანა, სინამდვილეში, არავითარ ფაქტებსა და მტკიცებულებებს არ ეფუძნებოდა. წარსულშიც ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც მდიდარი ენჯეოების უპასუხისმგებლო ქმედებების გამო, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს უხერხულობები ექმნებოდა. თუნდაც, რად ღირს არჩევნების პარალელური ხმის შედეგებთან დაკავშირებული სკანდალი, რომლითაც ერთ-ერთმა მდიდარმა ენჯეომ უმძიმესი უხერხულობა შექმნა.

ორიოდე კვირის წინ, საქართველოში ჩამობრძანდა ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ელჩი, ქალბატონი რობინ დანიგანი, რომელთანაც ჩვენი ხელისუფლების უმაღლესმა წარმომადგენლებმა უკვე გამართეს ძალზე პროდუქტიული შეხვედრები. გვაქვს ოპტიმიზმის მყარი საფუძველი, რომ რობინ დანიგანის ელჩობის პერიოდში, ქართულ-ამერიკული სტრატეგიული პარტნიორობა მნიშვნელოვნად გაღრმავდება. ამ ვითარებაში, მდიდარი „ენჯეოების“ განცხადება არის ელჩის დადებითი ძალისხმევის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი, რომლის აშკარა მიზანი ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში არასასურველი გაუგებრობების შენარჩუნებაა. მტკიცებულებების გარეშე მოსამართლეებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესებამ შექმნა სერიოზული უხერხულობა ურთიერთობებში. „ენჯეოების“ შესაბამისი ძალისხმევა, გარდა სხვა მიზნებისა, სასამართლო ხელისუფლებაზე კონტროლის მოპოვების ინტერესითაც იყო ნაკარნახევი. თუმცა, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობდით, ეს საკითხი საჯარო დისკუსიაში წინა პლანზე არ წამოგვეწია, რათა უხერხულობა კიდევ უფრო არ გაგვეღრმავებინა. ამ ფონზე, როდესაც მდიდარი „ენჯეოები“ თავად ცდილობენ თავისივე გაფუჭებულის აქტუალიზაციას, ვფიქრობთ, ეს ფაქტი საგანგებო შეშფოთებას იმსახურებს. ზუსტად იგივე ძალები, რომლებიც დიდი ხნის მანძილზე დამახინჯებულ ინფორმაციას აწვდიდნენ ჩვენს პარტნიორებს, მათ შორის ეწეოდნენ აქტიურ აგიტაციას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების წინააღმდეგ, დღეს ცდილობენ ძველი ხელოვნური უხერხულობების დღის წესრიგში შენარჩუნებას და ამით ახალი უხერხულობების შექმნას, რის გამოც იძულებულს გვხდიან, მათი ქმედებები რეაგირების გარეშე არ დავტოვოთ. ისიც ნიშანდობლივია, რომ მდიდარი „ენჯეოები“ ზემოაღნიშნულ განცხადებას ავრცელებენ იმ ფონზე, როდესაც ქვეყანა კანდიდატის სტატუსის შესახებ ევროკომისიის გადაწყვეტილების მოლოდინშია. ევროკომისიის გადაწყვეტილების გამოცხადებამდე ერთი კვირით ადრე ხელისუფლებაზე თავდასხმა სხვა არაფერია, თუ არა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების წინააღმდეგ მიმართული მორიგი უხეში ქმედება. ყველაფრიდან ჩანს, რომ მდიდარი „ენჯეოები“ არც საქართველოს, არც ამერიკის და არც ევროპის ინტერესებს არ ემსახურებიან. სინამდვილეში, ისინი ემსახურებიან გლობალურ ომის პარტიას, რომლის მთავარი მიზანი საქართველოს უკრაინიზაციაა. აღნიშნულ ძალას და მის სამსახურში მყოფ „ენჯეოებს“ არ სურთ ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაღრმავება და ყველანაირად ცდილობენ, ამ ურთიერთობებში ძველი, უარყოფითი ტენდენცია შეინარჩუნონ, რასაც ჩვენ ვერ დავუშვებთ. აღნიშნული „ენჯეოები“ სწორედ იმიტომ აპროტესტებდნენ „უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს და არ სურდათ, საკუთარი უცხოური დაფინანსება საზოგადოებისთვის გამჭვირვალე გაეხადათ, რომ თავიანთი ანტისახელმწიფოებრივი გეგმების და მათი დაფინანსების წყაროების გაშიფვრის ეშინოდათ. ახლა, მდიდარი „ენჯეოები“ ცდილობენ, ამერიკის ახალ ელჩს ურთიერთობების გადატვირთვის საშუალება არ მისცენ და პირიქით, ეს ურთიერთობები რამენაირად დამატებით დააზიანონ. იმედი გვაქვს, რობინ დანიგანსაც ექნება აქტიური რეაგირება ყველა იმ ქმედებაზე, რომელიც ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობების გაღრმავების წინააღმდეგ არის მიმართული. დარწმუნებული ვართ, ქალბატონი რობინ დანიგანის ელჩობის პირობებში, ქართულ-ამერიკული ურთიერთობები და სტრატეგიული პარტნიორობა მნიშვნელოვნად გაღრმავდება, რისთვისაც მმართველი გუნდი, თავის მხრივ, ძალისხმევას არ დაიშურებს“, – განაცხადა კობახიძემ.