სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება არის აბსოლუტურად ბაზისური ცნება ევროკავშირისთვის, მაგრამ ამავდროულად, გვჭირდება, დავაწესოთ კონკრეტული ლიმიტები, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ეხება არასრულწლოვნების დაცვას და სიძულვილის ენის პრევენციას, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, წლების შემდეგ, ევროკავშირს აქვს აუდიოვიზუალური სერვისების დირექტივა, რომელიც განახლებულია და კვლავ განახლდება.
„რეალურად, ეს ძალიან სენსიტიურია, სად უნდა მოხდეს ხაზის გავლება მედიას, სიტყვის თავისუფლებას, მცირეწლოვნების დაცვასა და სიძულვილის ენის პრევენციას შორის. ეს აუდიოვიზუალური დირექტივა აწესებს სტანდარტს, მაგრამ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს აქვთ მოქნილობა ამ სტანდარტის გამოყენებაში, კონკრეტული სიტუაციების მიხედვით. საქართველოს შემთხვევაში, ეს არის გაფართოების გეგმის ქვეყანა. საქართველოსთან ერთად ვმუშაობდით, რათა დაგვეახლოებინა საქართველოს კანონმდებლობა ამ დირექტივასთან და ეს კანონპროექტი, რომელიც ახლახან დამტკიცდა, აკმაყოფილებს ამ აუდიოვიზუალური სერვისის დირექტივის სტანდარტებს. ამავდროულად, ფოკუსირებულია სხვა საკითხებზეც, რომელიც პირდაპირ არ არის რეგულირებული ამ დირექტივით, რაც, როგორც წესი, რეგულირებულია წევრი სახელმწიფოების მიერ. მაგალითად, უხამსობის საკითხი. რა თქმა უნდა, შესრულება მთავარია და სწორედ ამიტომ, ჩვენ ვიმუშავებთ ეროვნულ მარუგულირებელთან ერთად, რათა დავრწმუნდეთ, რომ ეს ორგანო არის სრულიად დამოუკიდებელი და თამაშობს მნიშვნელოვან როლს“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.