,,მატყუარა ტელევიზია ისევ ცდილობს შეცდომაში შეიყვანოს მოსახლეობა”- დიმიტრი ხუნდაძე

30
spot_img

„ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელში ეხმიანება ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გასულ ცილისმწამებლურ სიუჟეტს, სადაც საუბარია, თითქოს სახელმწიფომ ხუნდაძეს სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადასცა მიწა მცხეთის რაიონში. სინამდვილეში, ხუნდაძის განცხადებით, მას მცხეთის შემოგარენში არსებული ხსენებული მიწა სახელმწიფომ გადასცა მცხეთის ცენტრში არსებული მისი საკუთრების სანაცვლოდ, ადგილმონაცვლების პრინციპით, კანონმდებლობის სრული დაცვით.

„მატყუარა ტელევიზია ისევ ცდილობს შეცდომაში შეიყვანოს მოსახლეობა და ქალაქ მცხეთის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის, სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება დარღვევად გაასაღოს. 2009 – 2010 წლებში, ნაც.მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს, მოსახლეობაზე (დაახლოებით 80 ოჯახზე), რომლის ერთ-ერთი წარმომადგენელი მეც გახლდით, აუქციონის წესით, მიყიდულ იქნა სასახლკარე ნაკვეთები. ის უშუალოდ ქალაქის ცენტრში, ისტორიულ ნაწილში მდებარეობდა.

აღნიშნული ფართები საცხოვრებლად დაუშვებლად მიიჩნია იუნესკომ, რაც წლების მანძილზე გადაუჭრელ პრობლემად რჩებოდა. მოსახლეობა მოტყუებული აღმოჩნდა. დარგის სპეციალისტების მოთხოვნით, შესაბამის უწყებებთან შეთანხმებით მცხეთელებისთვის სანაცვლოდ ქალაქის განაპირა ზოლის ნაწილი შეირჩა, რომელიც ისტორიულ – არქეოლოგიურ ნაწილს არ წარმოადგენს და ეკუთვნის განაშენიანების რეგულირების ზონას. ეს არ არის თავდაცვის უწყების ტერიტორია. მიუხედავად ჩემი არაერთი შეთავაზებისა, მათ შორის საპარლამენტო ტრიბუნიდან (მიმდინარე წლის 8 თებერვალს) მესაკუთრეთა დიდი ნაწილი ჯერ კიდევ უარს აცხადებს ადგილმონაცვლეობაზე,რადგან ისინი ქალაქის ცენტრში ამჯობინებენ ყოფნას, ზოგმა კი ამ შეთავაზების გამოყენება უკვე დაიწყო.

დიახ, მე გახლდით ინიციატორი, რომ ადგილმონაცვლეობის საშუალება გაგვეჩინა მოსახლეობისთვის და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სასარგებლოდ, საკუთრების სახელმწიფოსთვის დაბრუნების პროცესშიც ერთ-ერთი პირველი მაგალითის მიმცემიც თავად ვყოფილიყავი. სახელმწიფოს, ფულადი ანაზღაურების გარეშე, დავუბრუნეთ ქალაქის ცენტრში კუთვნილი ქონება. მატყუარა ტელევიზია ამაზე ბუნდოვნად საუბრობს. 25 წლის წინ შეძენილი და ახლა დაბრუნებული მიწის ნაკვეთების სანაცვლოდ, სახელმწიფომ ქალაქის განაპირა ზოლში, უსასყიდლოდ გადმოგვცა შედარებით ნაკლებად ღირებული, ქონების თანაწონადობის პრინციპის გათვალისწინებით, მიწის ფართები. რაც შეეხება მცხეთელებზე ჩემს დახმარებას, დიახ, მე დავეხმარე ჩემს ნაცნობსაც, უცნობსაც „სუსის ახლობელსაც” სასულიერო პირსაც, ექიმსაც და დავეხმარები ნებისმიერ ადამიანს, ვისაც კანონიერი გზით ეკუთვნის ამ პროცესში მონაწილეობა. კანონიერი დახმარება ჩემი პირდაპირი ვალდებულებაა.

ასევე, პირადად ვმუშაობ სხვა ალტერნატივაზეც და გენგეგმის შემუშავებაზეც, რომ მორატორიუმი, რომელიც მოსახლეობას დღემდე მძიმე ტვირთად აწევს, წლის ბოლომდე, რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს. გენგეგმის მნიშვნელოვანი ნაწილი საკრებულოს მიერ უკვე დამტკიცებულია და შემდეგი ეტაპებიც მალე დასრულდება. ქალაქისა და მოსახლეობის ინტერესებს კი, ვისგანაც არ უნდა იყოს ის დასაცავი, ყოველთვის დავიცავ. მატყუარა ტელევიზიის მიერ გაშვებული სიუჟეტი კი წინასაარჩევნოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება და მეტს არაფერს. მცხეთის მოსახლეობას კი, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, ისარგებლონ ახლა ამ შესაძლებლობით. მალე შემოთავაზებული იქნება სხვა ალტერნატივებიც“, – წერს ხუნდაძე.