„ალბათ, მათ საფლავებზე წარწერა იქნება – „არა! არა! არა!”. ლეგენდარული ქართველი რეჟისორის რობერტ სტურუასთვის პროტესტები და მოწოდებები [სახელმწიფო სტრუქტურების] ბოიკოტის თაობაზე, რომლითაც საქართველოს კულტურის სცენა და საზოგადოება ორ შეურიგებელ ბანაკად იყოფა, ბურლესკურ (კომიკურ) სპექტაკლს წარმოადგენს: ‘საქართველო, თავისი არსით, დიდი თეატრია, რომელშიც ყოველი ადამიანი თავის როლს ასრულებს. მაგრამ ზოგიერთები გამოდიან არა ცალკედ, არამედ ჯგუფებად, რომლებიც საკუთარ თავს სხვებისგან განსხვავებულ, უფრო მნიშვნელოვან ფიგურებად თვლიან“, – წერს თბილისში მყოფი გერმანელი ჟურნალისტი კორნელიუს ვიულენკემპერი გაზეთ „ფრანკფურტერ ალგემაინე ცაიტუნგში“ (Franfurter Allgemeine Zeitung) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „მათ ნებაყოფლობით უნდა გამოაცხადონ თავი აგენტებად“.
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
ამ დღეებში 85 წლის რობერტ სტურუა პირველად დგამს სცენაზე ქართულ ეროვნულ ეპოსს – შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანს“. თბილისში, შოთა რუსთაველის სახელობის გამზირზე მდებარე ეროვნული თატრის დიდ დარბაზში, რეპეტიციის შემდეგ, როცა მსახიობები რეჟისორის მკაცრი ინსტრუქციების შესაბამისად ისვენებენ, რობერტ სტურუა, ქურთუკზე მიმაგრებული მიკროფონით, მიხსნის, თუ რატომ არის დღეს აქტუალური რუსთაველის მიერ მე-12 საუკუნეში შექმნილი ჰეროიკული პოემა ღირსებაზე, ძმობა-მეგობრობაზე და მშვიდობიან თანაცხოვრებაზე. „მსოფლიომ დაკარგა თავისი ადამიანურობა, დაირღვა ადამიანებს შორის ტრადიციულად არსებული ურთიერთობები“, – ამბობს რეჟისორი.
საჩვენებელი ხელშეუხებლობა
ხელოვნების ოსტატი ეჭვობს, გადაიტანს თუ არა კაცობრიობა 2024 წელს, რომელიც ბირთვული ომის, პანდემიებისა და სტიქიური უბედურებების საფრთხის წინაშე დგას. როგოც ხელოვანი და საზოგადო მოღვაწე, რობერტ სტურუა საქართველოში, შეიძლება ითქვას, გარკვეული ხელშეუხებლობით სარგებლობს, რომელსაც იგი ზოგჯერ ყველასათვის დასანახად წარმოაჩენს ხოლმე. ამას წინათ მან ინტერვიუ პროსამთავრობო ტელეარხს საწოლიდან მისცა.
ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში რობერტ სტურუა დიდი აღიარებით სარგებლობდა „რკინის ფარდის“ ორივე მხარეს – თავისი სპექტაკლებითა და პირადი კრიტიკული დამოკიდებულებით კომუნისტური რეჟიმისადმი. 1974 წელს „ყვარყვარეს“ სახით მან დადგა მწარე პაროდია სტალინური რეპრესიული სისტემის შესახებ, რომელიც სწრაფად გახდა პოპულარული – იმ დროს ბევრი ვერ გაბედავდა და ვერ მისცემდა საკუთარ თავს ამგვარი სპექტაკლის დადგმის უფლებას. რობერტ სტურუას პოლიტიკური მსოფლმხედველობის თავისუფალი სული არავისთვის საიდუმლო არ არის: „ევროკავშირი ისეთივეა, როგორიც საბჭოთა კავშირი იყო, უფრო უარესიც კი“, – თვლის რეჟისორი.
რობერტ სტურუას თქმით, დიდი ბრიტანეთი დღემდე ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც მოახერხა და თავი დააღწია ევროკავშირის მეურვეობას. იგი პირადად წინააღმდეგია იმისა, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანდეს. რეჟისორს არ სურს ისევ მოესწროს იმ დროს, როცა რუსეთი რაც სურდა, იმას აკეთებდა. მას არ უნდა, რომ ვინმემ უკარნახოს ქართველებს, რა და როგორ უნდა გააკეთონ.
მსგავს ხედვებს და განცხადებებს საქართველოში ხშირად მოისმენთ ხანდაზმულ ადამიანებთან საუბრის დროს… თუმცა გამოკითხების თანახმად, მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას. წევრობის კანდიდატის სტატუსი, რომელიც საქართველომ ევროკავშირისაგან გასული წლის დეკემბერში მიიღო, ამჟამად შეჩერებულია – იმიტომ, რომ ოფიციალური თბილისი ანტიევროპულ პოზიციებს ამჟღავნებს და კიდევ იმის გამო, რომ ივნისში საქართველომ ე.წ. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი მიიღო. ეს სამართლებრივი აქტი ძალიან ჰგავს რუსულ ანალოგიური შინაარსის მქონე კანონს „უცხოური აგენტების შესახებ“, რომელიც ითვალისწინებს იურიდიულ და ფინანსურ შეზღუდვებს იმ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მასმედიის მიმართ, რომლებიც მთავრობის კრიტიკას გაბედავენ.
კულტურის მუშაკთა საკვანძო როლი მასობრივი პროტესტების დროს
გაზაფხულზე საქართველოს რიგ ქალაქებში მომხდარი მასობრივი პროტესტების დროს, რომლებიც მთავრობის ევროპული კურსის ცვლილების საწინააღმდეგოდ იყო მიმართული, კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა საკვანძო როლი შეასრულეს.
დამოუკიდებელი ხმების ჩახშობა კულტურის მინისტრად თეა წულუკიანის დანიშვნის შემდეგ დაიწყო, რომელმაც კულტურის დაწესებულებებში მომუშავე გამოცდილი მენეჯერები მთავრობისადმი ლოიალურად განწყობილი ისეთი ჩინოვნიკებით შეცვალა, რომლებთაგან უმრავლესობა პროფესიონალები არ იყვნენ.
მას შემდეგ ვითარება გამწვავებულია: ჯერ ერთი, რომ მინისტრმა სამსახურიდან თანამშრომლების უკანონოდ გათავისუფლებასთან დაკავშირებით, რამდენიმე სასამართლო პროცესი წააგო; მეორე ის, რომ კულტურის მუშაკებმა სახელმწიფო სტრუქტურებს ბოიკოტი გამოუცხადეს: მწერალთა სახლის პრესტიჟული პრემიის „ლიტერას“ მინიჭება გარკვეული ვადით გადატანილი იქნა, რადგანაც მთავრობის მიერ დანიშნულმა ჟიურის წევრებმა თავიანთი თანხმობა უკან გაიწვიეს. გარდა ამისა, ფრანკფურტის წიგნის გამოფენაზე საქართველოს წარმოადგენს პრესტიჟული გამომცემლობა „ინტელექტი“, რომელმაც გასული წლიდან საერთოდ უარი განაცხადა სახელმწიფოს მხარდაჭერისაგან. გამომცემლობის მენეჯერი გვანცა ჯობავა გამოცხადებულ ბოიკოტს საზოგადოების „რესოვეტიზაციის“ წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად თვლის და მაბობს, რომ საგამომცემლო ინდუსტრიისათვის დამოუკიდებლობის პრინციპის დაცვა უზენაესი პრიორიტეტი უნდა იყოს.
მწერალი, სცენარისტი და რეჟისორი ივა ფეზუაშვილი, რომელმაც 2022 წელს ევროკავშირის ლიტერატურული პრემია მიიღო რომანისათვის „ბუნკერი“ (მასში ასახულია საქართველოში დემოკრატიაზე გადასვლის დროს წარმოქმნილი პრობლემები), ერთ-ერთია იმ 500 ავტორთაგან, რომლებმაც უარი თქვეს სახელმწიფო მხარდაჭერაზე, ხელისუფლებასთან დაკავშირებულ საპრიზო ფონდებთან თანამშრომლობაზე, მთარგმნელობით პროგრამებზე და ა.შ.
რუსეთი როგორც თავალსაჩინო მაგალითი
მე ივა ფეზუაშვილს თბილისის ვაკის რაიონის ერთ-ერთ კაფეში შევხვდი, ახლო-მახლო მდებარე შენობების კედლები რუსეთის სალანძღავი სიტყვებით არიან „შემკულნი“, არის ბევრი პროევროპული ლოზუნგიც. „ეგრეთ წოდებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება – ეს მხოლოდ დასაწყისია. ჩვენ კარგად ვხედავთ, თუ რა ხდება რუსეთში მსგავსი კანონის მიღების შემდეგ“, – ამბობს ივა ფეზუაშვილი, – იქ ზოგიერთი წიგნი მხოლოდ შავ ყდებში იყიდება – იმიტომ, რომ ავტორები უცხოელ აგენტებად არიან აღიარებულნი“.
ივა ფეზუაშვილისათვის ასეთი გადაწყვეტილების მიღება მაღალი ფსონს ნიშნავს, რადგან მას ოჯახი ჰყავს და სასწორზე ბევრი რამ არის დადებული. მისთვის ძნელია იმის წარმოდგენა, თუ რა მოუვა, როცა ოქტომბრის არჩევნებში ისევ „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს: ყველაზე მცირე – ან შეავიწროვებენ და ყველაზე უარესი – შეიძლება დააპატიმრონ და საპყრობილეში ჩასვან, რადგან იგი მთავრობის მოწინააღმდეგეა.
საფრთხესა და მუქარას გრძნობს არამარტო კულტურული საზოგადოების ნაწილი, არამედ დამოუკიდებელი მასმედიის ბევრი წარმომადგენელიც. 32 წლის ჟურნალისტმა ნინო ბაქრაძემ 2016 წელს ევროკავშირისა და აშშ-ის ფინანსური მხარდაჭერით საგამოძიებო ონლაინ-პლატფორმა ifact შექმნა, სადაც 16 თანამშრომელი მუშაობს. ისინი აშუქებენ ისეთ თემებს, რომელთა შესახებ პროსამთავრობო ტელევიზიებში არ ლაპარაკობენ. იკვლევდა რა ევროკავშირის წინაშე საქართველოს მთავრობის მიერ დაპირებული რეფორმების გატარების გაჭიანურებას, მას სახელისუფლო სტრუქტურებში ცივად ხვდებოდნენ და მის სატელეფონო ზარებს და კითხვებს უპასუხოდ ტოვებდნენ. ნინო ბაქრაძის თქმით, იგი არავითარ შემთხვევაში არ დარეგისტრირდება „ნებაყოფლობით“ „უცხოელ აგენტად“ პირველ სექტემბრამდე, როგორც ამას მთავრობა მოითხოვს უცხოეთიდან დაფინასებული ორგანიზაციებისაგან. მართალია, მას ჯარიმა ელოდება 20 ათასი ევროს ოდენობით, მაგრამ მაინც. როგორც ჟურნალისტი ამბობს, ის და მისი მეგობრები ეძებდნენ ჯარიმის გვერდის ავლის გზებს, რათა მუშაობა არჩევნებამდე მაინც გააგრძელონ. ისინი დაელოდებიან არჩევნების შედეგებს და გადაწყვეტენ – დატოვონ ქვეყანა თუ დარჩნენ.
მთავრობა, რა თქმა უნდა, უკვე ეძენს და პოულობს სიტყვისა და ხელოვნების თავისუფლების შემზღუდავ საშუალებებს. აპრილში პრესტიჟული თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი ფინანსური მხარდაჭერის გარეშე დარჩა. „მინისტრს ჩვენ, უბრალოდ, არ მოვწონვართ“, – ამბობს ფესტივალის ხელმძღვანელი გაგა ჩხეიძე, რომელიც 2019 წლიდან ქართული ეროვნული კინოცენტრის დირექტორი იყო, 2022 წელს კი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
რამდენიმე დღის წინ გაგა ჩხეიძემ სასამართლოში სარჩელი შეიტანა მოთხოვნით, რომ ფესტივალს 13 ათასი ევრო გადაუხადონ, კანონის თანახმად. სამაგიეროდ, მან მიიღო შეტყობინება, რომ კინოფესტივალი პირველ სექტემბრამდე „არასამთავრობო ორგანიზაციად უნდა დაარეგისტრიროს, რომელიც საზღვარგარეთიდან ფინანსდება“. რეგისტრაციის შემდეგ კი ის უკვე შეიძლება დევნა-შევიწროვების ობიექტი გახდეს..
„ჩვენ არ გვინდა, რომ აგენტები გვერქვას. ჩვენ ქართული საქმეებით ვართ დაკავებულები და არცერთ სხვა სახელმწიფოს ინტერესებს არ წარმოვადგენთ“, – ამბობს გაგა ჩხეიძე. საქმე იმაშია, რომ ახალი კანონი ნებას აძლევს მთავრობას აკრძალოს ისეთი ფილმები, რომლებიც მმართველ პარტიას არ მოსწონს.
ხელოვნების ინსტრუმენტალიზაცია
რამდენად შეესაბამება სინამდვილეს ის, რასაც ეროვნული თეატრის მთავარი რეჟისორი რობერტ სტურუა აცხადებს – „საქართველოს არალიბერალურ კურსს წინააღმდეგობას უწევენ ის ადამიანები, რომლებმაც „თავიანთი ტალანტი უკვე დიდი ხანია დახარჯეს და ახლა მთელ მსოფლიოზე გაბრაზებულნი არიან“? კულტურის სფეროს მენეჯერი იოსებ ბაკურაძე, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა რობერტ სტურუასთან, მაგრამ ახლა უკვე 15 წელია წარმატებით ატარებს გასტროლებს თავისი დამოუკიდებელი „მოძრაობის თეატრით“, რობერტ სტურუას ნათქვამში ეჭვი შეაქვს. იოსებ ბაკურაძე აკვირდებოდა, თუ როგორ ახდენდა მთავრობა კულტურის ინსტრუმენტალიზებას. მას არაერთხელ შეუმჩნევია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული თეატრების კოლექტივები ბევრჯერ წაუყვანიათ ავტობუსებით „ქართული ოცნების“ კანდიდატების საჯარო გამოსვლებზე. ამას წინათ, როცა მისმა დამ, კინოპროდიუსერმა ანანო ბაკურაძემ თავის ონლაინ-არხზე სამსახურიდან გათავისუფლებულ მენეჯერებთან ინტერვიუები გამოაქვეყნა, კულტურის სამინისტრომ „მოძრაობის თეატრთან“ თანამშრომლობა შეწყვიტა.