მაჭავარიანი: თუ განახლდება სტრატეგიული პარტნიორობა და იგულისხმება ისეთი რეალურ ურთიერთობებს, როგორიც ჩინეთთან გვაქვს, ეს იმის ნიშანი იქნება, რომ ბატონმა ტრამპმა „დიფ სთეითი“ აშშ-ში დაამარცხა

1
spot_img

„თუ განახლდება ჩვენს შორის სტრატეგიული პარტნიორობა და სტრატეგიულ პარტნიორობაში ვგულისხმობ ისეთ რეალურ ურთიერთობებს, როგორიც ჩინეთთან გვაქვს, ეს იმის ნიშანი იქნება, რომ ბატონმა ტრამპმა „დიფ სთეითი“ აშშ-ში დაამარცხა“, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა საქართველო-აშშ-ის პარტნიორობაზე საუბრისას განაცხადა. 

დეპუტატის თქმით, მმართველი გუნდი ქვეყანაში მშვიდობას და სტაბილურობას შეინარჩუნებს. 

„რა ბერკეტები გვაქვს, ეს გამოჩნდა, მით უმეტეს ბოლო 3 წლის განმავლობაში. არნახული წნეხი იყო, აბსოლუტურად უსამართლო, მას შემდეგ, რაც რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო. ძალიან მყარად დავდექით, მყარად ვდგავართ და მნიშვნელობა არ აქვს, ვინ რა მეთოდებით გააგრძელებს ბრძოლას. აუცილებლად შევინარჩუნებთ მშვიდობას და სტაბილურობას ჩვენს ქვეყანაში. „ქართული ოცნება“ არის ამის მთავარი გარანტი.

რაც შეეხება „დიფ სთეითის“ რებრენდინგს, როგორც ამას ვუწოდეთ, ბატონმა ტრამპმა ღია ბრძოლა გამოაცხადა „დიფ სთეითთან“ და შესაბამისად, ამერიკაში მისი გავლენები შედარებით მცირდება.

თუ განახლდება ჩვენს შორის სტრატეგიული პარტნიორობა და სტრატეგიულ პარტნიორობაში ვგულისხმობ ისეთ რეალურ ურთიერთობებს, როგორიც ჩინეთთან გვაქვს, როცა ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის გაფორმებისთანავე დაინიშნა პირდაპირი ფრენები და უვიზო მიმოსვლა დაიწყო, ეს იმის ნიშანი იქნება, რომ ბატონმა ტრამპმა „დიფ სთეითი“ აშშ-ში დაამარცხა.

ვისურვებდით, როგორც აშშ-ში ებრძვიან „დიფ სთეითს“, ეს ბრძოლა ევროპაშიც გადავიდეს და ევროკავშირი გამოვიდეს თავისი ინტერესებიდან“, – აღნიშნავს მაჭავარიანი.