საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა მედიასთან განაცხადა, რომ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით, მასწავლებელთა პორტფოლიოს წარდგენის ვადა გაახანგრძლივეს.
„ვინაიდან მასწავლებლის პორტფოლიო წარმოადგენს პედაგოგის ინდივიდუალური, პრაქტიკული საქმიანობის ამსახველ ინსტრუმენტს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია რეალური სურათის დასანახად და მხოლოდ გამოცდის ფორმით შეუძლებელია მასწავლებლის პროფესიული საქმიანობის შეფასება, ჩვენი სამუშაო ჯგუფის ფორმატში, რომელიც სულ ერთი კვირის წინ შევქმენი, გადავწყვიტეთ, რომ პორტფოლიოს წარდგენის ვადა, რომელიც განსაზღვრული იყო პირველ მაისამდე, გადავწიეთ კიდევ ერთი თვით და განვსაზღვრეთ პირველ ივნისამდე, ვინაიდან მასწავლებლებმა მშვიდად, წყნარად, გააგრძელონ მუშაობა აღნიშნულ საკითხზე და ეს არის სწორედ ის გონივრული ვადა, სადაც ისინი უპრობლემოდ შეძლებენ თავიანთი ე.წ. პრაქტიკული საქმიანობის დამამტკიცებელი სხვადასხვა მტკიცებულების წარმოდგენას კომისიისთვის, რომ განვსაზღვროთ მათი კვალიფიკაციის ხარისხი. მიუხედავად იმისა, რომ პორტფოლიოს წარდგენის ვადამ გადაიწია, მასწავლებლებს შეეძლებათ გაზრდილი სტატუსის დანამატით 2023-2024 სასწავლო წლიდან ისარგებლონ“, – განაცხადა განათლების მინისტრმა.
გიორგი ამილახვარის თქმით, ძალიან კარგი გამოხმაურება აქვს ვადების გადაწევის გადაწყვეტილებას.
„ძალიან კარგი გამოხმაურება აქვს ამ გადაწყვეტილებას რაც აქამდე მე მომივიდა, ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, მასწავლებელთა კორპუსში, ვინაიდან ყველა ინდივიდუალური თუ სხვა ჯგუფის ინტერესები გავითვალისწინეთ. ერთადერთი, რის კომპრომისზეც არ წავალთ, ეს არის ხარისხი. შესაბამისად, რაც სჭირდება ჩვენი შვილებისთვის უკეთესი განათლების შექმნას, ამის საფუძველზე იქნება ნებისმიერი გადაწყვეტილება მიღებული პირველ რიგში მასწავლებლების ინტერესების გათვალისწინებით“, – განაცხადა მინისტრმა.