ეს ის არასამთავრობო სექტორია, რომელიც ფინანსდება იმ სახელმწიფოებისგან, რომელი სახელმწიფოებიც თვითონ კარგად ამყარებენ ურთიერთობას ჩინეთთან და შენ გეუბნებიან, რომ ცუდი ურთიერთობა უნდა გქონდეს, -ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან განაცხადა.
მისი თქმით, რატომ უნდა იყო დამოკიდებული უსუფაშვილის და ხიდაშელის გულწრფელობაზე საქართველოს მოქალაქე, მას უნდა ჰქონდეს საშუალება ღია წყაროებში საიდან ფინანსდება, ესა თუ სხვა არასამთავრობო ორგანიზაცია.
„ეს ის არასამთავრობო სექტორია, რომელიც ფინანსდება იმ სახელმწიფოებისგან, რომელი სახელმწიფოებიც თვითონ კარგად ამყარებენ ურთიერთობას ჩინეთთან და შენ გეუბნებიან, რომ ცუდი ურთიერთობა უნდა გქონდეს.
რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობა აქვს ევროკავშირსაც, ამერიკის შეერთებულ შტატებსაც და შენ გეუბნებიან, არათუ ეკონომიკური კავშირი არ უნდა გქონდეს, არამედ უნდა ეომო შენ რუსეთსო.
ეს ის არასამთავრობო სექტორია, რომელიც ამბობდა მარტში, რომ ჩვენ ისედაც გამჭვირვალე ვართ და ყველა ჩვენი ფინანსები ნათელიაო.
ახლა, სამი თუ ოთხი დღეა უსუფაშვილი და ხიდაშელი ერთი და იგივე „ენჯეოზე“, რომელიც ეკუთვნის ხიდაშელს, აკეთებენ ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს. ერთი ამბობს – კი, ფინანსდებაო, მეორე ამბობს, არაო და ა.შ.
ჩვენ ამას ვამბობდით, რატომ უნდა იყოს დამოკიდებული უსუფაშვილის და ხიდაშელის გულწრფელობაზე საქართველოს მოქალაქე. მას უნდა ჰქონდეს საშუალება ღია წყაროებში ნახოს საიდან ფინანსდება ეს ორგანიზაცია, რომელიც ტაივანს უჭერს მხარს და ჩინეთის ტერიტორიულ მთლიანობას ან აღიარებს, ან არა. წარმოიდგინეთ, აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან ფინანსდებოდეს შეერთებულ შტატებში „ენჯეო“, სადაც თავდაცვის ყოფილი მდივანი იყოს ამ „ენჯეოს“ დამფუძნებელი და ის ამბობდეს, რომ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ან ვაღიარებ ან არა, არ ვიცი, რა ჩემი საქმეა, მთავარია ფულს აფხაზეთიდან რამდენს გადმომირიცხავო.
ამას აკეთებს ადამიანი, რომელიც იყო თავდაცვის მინისტრი და რომელსაც დღესაც აქვს ამბიცია იყოს საჯარო პოლიტიკაში, თან ამბობს – მე საგარეო საქმეთა სამინისტრო ხომ არ ვარო. ამ დროს აქვს ამბიცია, რომ საჯარო სივრცეში ოპერირებდეს, როგორც ძალიან განათლებული ადამიანი.
წარმოიდგინეთ, საერთაშორისო ორგანიზაციები აქვეყნებენ კვლევებს (ძირითადად ევროპის კვლევებს), სადაც საქართველო ლიდერობს კორუფციასთან ბრძოლაში, თავისუფლების ინდექსში, ბიუჯეტის გამჭვირვალობის ინდექსში, დემოკრატიის ხარისხში.
საერთაშორისო ორგანიზაციები ამბობენ – შენ, საქართველო წინ უსწრებ, არა მხოლოდ კანდიდატ ქვეყნებს, არამედ ევროკავშირის წევრ ბევრ ქვეყანას და შენი „ენჯეო“ სექტორი გეუბნება, რომ შენ ვერ უსწრებ ვერავის და ხარ ჩამორჩენილი.
უკრაინას ვერ ვუსწრებთ, მაგრამ არც გვინდა რომ გავუსწროთ, რაშიც არის დღეს. როგორ გავუსწროთ უკრაინას, რომელიც მილიონობით ლტოლვილის და ასიათასობით დაღუპული ადამიანის მქონეა, ბუნდოვანი მომავალი აქვს და დღეს ოფიციალურად აცხადებენ ამერიკაც და ევროპის ქვეყნებიც, რომ ისე ვერ დაეხმარებიან უკრაინას, როგორც აქამდე ეხმარებოდნენ. ეს ხომ რეალობაა.
უკრაინის ხელისუფლებაშია განხეთქილება. იმას ამბობენ კიევის მერი და პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი, რასაც „ხალხის ძალა“ ვამბობდით, უკრაინის ხელისუფლებაზე და ზოგიერთ საერთაშორისო პარტნიორზე, რომ აქ მეორე ფრონტი უნდოდათ. უკრაინის ხელისუფლებაში პრობლემებია.
ქართული „ენჯეო“ მეუბნება, რომ თურმე უკრაინა მისწრებს სასამართლო რეფორმაში, როცა უკრაინის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე დაიჭირეს.
იმდენად არიან გადასულები ანტისახელმწიფოებრივ ქმედებაში, რომ ჩვეულებრივი, ყოველგვარი პროფესიონალიზმის გარეშეც ადამიანები ხვდებიან, რომ არასამთავრობოები იქცნენ უცხოური ძალის წარმომადგენელ ძალად, რომელსაც აფინანსებენ და ეუბნებიან, ახლა გამოხვალ და ეს განცხადება უნდა გააკეთო. ეს ხდება შენი ქვეყნის წინააღმდეგ. მაშინ, როდესაც ყველა საერთაშორისო კვლევის მიხედვით საქართველო ასოცირებულ ტრიოში ლიდერია, ჩვენი “ენჯეოები” გვეუბნებიან, რომ უკრაინას ჩამოვრჩებით“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.