მას პასუხი არ აქვს და ვერც ექნება, რადგან სიმართლის თქმა მოუწევს, პასუხი ამიტომ არ გასცა – გიორგი ბაჩიაშვილი ბიძინა ივანიშვილზე

12
spot_img

მას პასუხი არ აქვს და ვერც ექნება, რადგან სიმართლის თქმა მოუწევს, პასუხი ამიტომ არ გასცა, – ასე გამოეხმაურა თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი ბიძინა ივანიშვილის მხრიდან მის ინტერვიუზე გაკეთებულ მოკლე შეფასებას.

როგორც ბაჩიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, „ბიძინა ივანიშვილს პასუხი ქართველი ხალხისთვის უნდა ჰქონდეს და ამ პასუხის გაცემა ძალიან მალე მოუწევს“.

„სიმართლე არის ის, რომ ამ ქვეყანას სჭირდება ცვლილება და ეს ცვლილება დღეს აუცილებლად მოხდება“,- განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა.

ამასთან, კითხვაზე, აქვს თუ არა მოლოდინი, რომ დააკავებენ, ბაჩიაშვილი ამბობს, რომ ყველაფრისთვის მზადაა.

„არაფერს ველოდები, მაგრამ ყველაფრისთვის მზად ვარ“,- აღნიშნა ბაჩიაშვილმა.

რაც შეეხება უშუალოდ არჩევნებს, გიორგი ბაჩიაშვილი ამბობს, რომ „დღეს ეპოქალური არჩევნებია“.

„დღეს, ყველა ქართველმა, ყველა პატრიოტმა ჩვენი შვილებისთვის საქართველოს ევროპულ არჩევანს უნდა მისცეს ხმა. ჩვენი ადგილი ევროპაშია და დღეს ამას ქართველი ხალხი ნამდვილად დაამტკიცებს“,- განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა.

ცნობისთვის, თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის გუშინდელ ინტერვიუს, სადაც მან ბიძინა ივანიშვილის შესახებ ვრცლად ისაუბრა, ივანიშვილი დღეს მოკლე კომენტარით გამოეხმაურა. „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ბაჩიაშვილს „პასუხი არ სჭირდება!“.

„თუ მისი ინტერვიუ ნახეთ, იქ უკვე ყველაფერი იკითხება!”,- აღნიშნა ივანიშვილმა.

რაც შეეხება გიორგი ბაჩიაშვილის ინტერვიუს, ის სხვა საკითხებთან ერთად პარლამენტის მიერ მიღებულ ე.წ. ოფშორების კანონსაც შეეხო და განაცხადა, ბიძინა ივანიშვილმა ერთ ოპერაციაში სახელმწიფოს დაახლოებით 400 მილიონი დოლარი მოჰპარა.