მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება არცერთი მხარისთვის – არც ეკლესიისთვის და არც სახელმწიფოსთვის არ იქნება სასარგებლო, – ამის შესახებ ალავერდელმა მიტროპოლიტმა, მეუფე დავითმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, სინოდის წარმომადგენლებს მთავრობის წევრებთან შეხვედრა და კონსულტაცია არ ჰქონიათ.
„კათოლიკოს – პატრიარქის მოსაყდრე ხვდებოდა, საუბრობდა და ჩვენ, სინოდის თითქმის ყველა წევრი, უბრალოდ, ამ შემოთავაზებაზე ერთად ვმსჯელობდით. შემოთავაზება კათოლიკოს – პატრიარქისა და სინოდის ყველა წევრის მიერ არ იქნა მიღებული, რადგან ჩვენ უფრო უკეთესი და მაღალი თანამშრომლობის და შეთანხმების ფორმა გვაქვს, რაც არის კონსტიტუციური შეთანხმება. აქედან გამომდინარე, მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება არცერთი მხარისთვის – არც ეკლესიისთვის და არც სახელმწიფოსთვის არ იქნება სასარგებლო. ეს ორივე მხარემ კარგად გავიაზრეთ, გავაანალიზეთ, დავინახეთ და ამის შემდეგ, როდესაც კონსტიტუციაში ცვლილება იქნება შესატანი ამაზე ალბათ უფრო ინტენსიური და ხშირი შეხვედრები შედგება და რა ფორმასაც მიიღებს ჩასწორებული ვერსია, მას გავეცნობით და ამის შემდეგ ჩაიწერება და გამოცხადდება ყველას გასაგონად.
რა თქმა უნდა, ვიმედოვნებთ ჩვენ სახელმწიფოსთან კარგ თანამშრომლობას მომავალშიც, რაც ახლაც გვაქვს და იმედი გვაქვს რომ ის შესწორება იქნება ზომიერი, მართებული და ორივე მხარისათვის სასარგებლო“, – განაცხადა მეუფე დავითმა.