ეკლესია უნდა დარჩეს ჭეშმარიტი განათლებისა და სწორი აღზრდის ცენტრად, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებითაც უნდა განამტკიცოს ქრისტიანული ღირებულებები, მას, ასევე, აქვს ვალდებულება, მოზღვავებული ინფორმაციის გარემოში დაეხმაროს ადამიანებს კეთილისა და ბოროტის გარჩევაში, რათა მათ არ გადაუხვიონ სულიერი გზიდან და არ დაემონონ მხოლოდ მატერიალურ ღირებულებებს, პრაგმატიზმსა და ეგოიზმს, – ამის შესახებ ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის მისასალმებელ სიტყვაში ჟურნალ „თეოლოგიის“ 100 წლისთავთან დაკავშირებულ მეორე საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც თესალონიკში გაიმართა.
„თქვენო უნეტარესობავ, ათენისა და სრულიად ელადის მთავარეპისკოპოსო იერონიმე, თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, მართლმადიდებელი ავტოკეფალიური ეკლესიების პირველიერარქნო და წარმომადგენელნო, ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, პატიოსანო მღვდელნო, აკადემიური წრეების პატივცემულნო წარმომადგენელნო, ქალბატონებო და ბატონებო, ყველას გულითადად მოგესალმებით ქრისტესმიერი სიყვარულით და თქვენთან ერთად ვიზიარებ დღევანდელი დღის სიხარულს – საბერძნეთის ეკლესიის წმინდა სინოდის სამეცნიერო-საღვთისმეტყველო ჟურნალ „თეოლოგიის“ 100 წლისთავს და ამასთან დაკავშირებით მიძღვნილ მეორე საერთაშორისო სამეცნიერო-საღვთისმეტყველო კონფერენციას.
მოხარულნი ვართ, რომ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით იმართება სამეცნიერო კონფერენცია მეტად საინტერესო და აქტუალურ თემაზე: „მართლმადიდებლური თეოლოგია და ტექნოლოგიის ონტოლოგია: ანთროპოლოგიური, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული შედეგები“.
მოგეხსენებათ, გლობალური საკომუნიკაციო ქსელებისა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვით შეიქმნა ვითარება, რომელიც ჩვენი დროის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად იქცა.
ადამიანებს მიეცათ ურთიერთობისა და ინფორმაციის გაცვლის უსაზღვრო შესაძლებლობა, დისტანციური სწავლების, კვლევების ჩატარების, სამედიცინო თუ ფსიქოლოგიური დახმარების ახალი საშუალებები… ტექნოლოგიების გამოყენებამ უპრეცედენტოდ დააჩქარა ინფორმაციის დაგროვება-დამუშავება და თითოეული ჩვენგანისათვის ადვილად ხელმისაწვდომი გახადა საუკუნეთა მანძილზე კაცობრიობაში დაგროვილი ცოდნა.
მაგრამ, სიკეთესთან ერთად, ხელოვნური ინტელექტი უდიდეს საფრთხესაც შეიცავს, რამაც მსოფლიოს შეიძლება, უფსკრულისაკენ უბიძგოს და აქამდე უცნობ მძიმე ცოდვათა მსხვერპლი გახადოს. ამას საზოგადოება გრძნობს და უკვე ცდილობს დამცავი მექანიზმების შექმნას; თუმცა საკითხავია, რამდენად შეძლებს იგი სწორი ნაბიჯების გადადგმას, ან რამდენად ეფექტური იქნება ეს ქმედებანი?“, – ნათქვამია ილია მეორის მისასალმებელ სიტყვაში.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი აღნიშნავს, რომ დღევანდელი ცივილური სამყაროს ფორმირებაში მართლმადიდებელ ეკლესიას განსაკუთრებული წვლილი აქვს შეტანილი.
„გავიხსენოთ, თუ როგორ ხდებოდა ქრისტიანობის გავრცელება საუკუნეების წინ. პირველად სწორედ ეკლესიის წიაღში შეიქმნა საგანმანათლებლო და სულიერი კერები, რომლებიც წარმოადგენდა იმდროინდელი ცოდნის შესაკრებელსა და სწორი ორიენტირის მიმცემს.
დღესაც ეკლესია უნდა დარჩეს ჭეშმარიტი განათლებისა და სწორი აღზრდის ცენტრად და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებითაც უნდა განამტკიცოს ქრისტიანული ღირებულებები; მას, ასევე, აქვს ვალდებულება, მოზღვავებული ინფორმაციის გარემოში დაეხმაროს ადამიანებს კეთილისა და ბოროტის გარჩევაში, რათა მათ არ გადაუხვიონ სულიერი გზიდან და არ დაემონონ მხოლოდ მატერიალურ ღირებულებებს, პრაგმატიზმსა და ეგოიზმს.
მართლმადიდებლური სწავლება, დაფუძნებული საღვთო სიბრძნესა და გამოცხადებაზე, მეცნიერებასთან დიალოგითა და ტექნოლოგიების გონივრული გამოყენებით, უნდა იქცეს კაცობრიობისათვის სწორი და უსაფრთხო მომავლისა გზის მაჩვენებლად.
ჩვენს წინაშე დგას ეს უდიდესი, ურთულესი და, ამასთან, აუცილებლად გადასაჭრელი ამოცანა.
ასეთი მნიშვნელოვანი და საჭირო კონფერენციის გამართვისათვის, ჩემი და საქართველოს ეკლესიის სახელით, გულწრფელ მადლობას ვუხდი მის უნეტარესობას, ათენისა და სრულიად ელადის მთავარეპისკოპოს იერონიმეს და საბერძნეთის ეკლესიის წმინდა სინოდს; მადლიერებით ვლოცავთ ჟურნალ „თეოლოგიის“ დირექტორსა და მთავარ რედაქტორს, ბატონ ალექსანდრე კატსიარასს, მის ყველა თანამშრომელს, აგრეთვე, კონფერენციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს.
ვიმედოვნებთ, ეს ღირსშესანიშნავი შეხვედრა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ტექნოლოგიების ონტოლოგიურ საკითხებთან მიმართებით ეკლესიის პოზიციის განმტკიცებასა და განსაზღვრაში, რათა ჭეშმარიტი სარწმუნოება კვლავაც იყოს მთავარი ორიენტირი ცხონების მაძიებელთათვის თანამედროვე სამყაროში, რათა „შეიცნონ ღვთისა და მამის, და ქრისტეს საიდუმლო, რომელშიც სიბრძნისა და ცოდნის ყოველგვარი საუნჯეა დაფარული“. (კოლ 2.2)“, – ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის მისასალმებელ სიტყვაში.