მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ბარბარობას აღნიშნავს

30
spot_img

მართლმადიდებელი ეკლესია  17 დეკემბერს  ბარბარობას აღნიშნავს.  სადღესასწაულო წირვა ყველა მოქმედ ტაძარში სრულდება.

წმინდა დიდმოწამე ბარბარე ქრისტიანობისთვის მე-4 საუკუნის დასაწყისში ეწამა.

საეკლესიო გადმოცემის მიხედვით,  წმიდა დიდმოწამე ბარბარე III საუკუნის ბოლოსა და IV საუკუნის დასაწყისში ცხოვრობდა. მამამისი დიდგვაროვანი წარმართი იყო, რომელსაც სახელად დიოსკორე ერქვა. იგი მალე დაქვრივდა. მამამ ერთ ულამაზეს ბაღში შვილისათვის საგანგებოდ ააშენა მაღალი კოშკი, სადაც წმიდა ბარბარე უცხო ხალხისაგან მოშორებით იზრდებოდა. ღვთის განგებით, ბარბარემ გაიცნო ქრისტიანი თანატოლები და მათგან ჭეშმარიტი ღმერთის შესახებ შეიტყო. წმიდა ბარბარემ აღიარა იესო ქრისტე და მამისაგან ფარულად მოინათლა.

როდესაც დიოსკორემ შვილის გაქრისტიანება გაიგო, ისე განრისხდა, რომ მამობრივი სიყვარული სულ გადაავიწყდა და შვილი მოსაკლავად გაიმეტა. წმიდა ქალწული თავისი ხელით მიჰგვარა ქალაქის მმართველს, რომელიც არ დასჯერდა წმიდა ბარბარეს წამებას და ბრძანა, ქალიშვილი შიშველი გამოეყვანათ ქალაქში. მაგრამ ამ დროს სასწაული მოხდა – წმიდა ქალწულის სხეული ზეციურმა ნათელმა შემოსა. ამის დანახვაზე გონებადაბნელებულმა მამამ საკუთარი ხელით მოჰკვეთა თავი ერთადერთ შვილს. დიოსკორე და ქალაქის მმართველი იმავე დღეს დაისაჯნენ ამ საშინელი საქციელისათვის.

ამჟამად წმიდა ნაწილები ასვენია ქ. კიევში, წმიდა ვლადიმერის სახელობის საკათედრო ტაძარში, ეკვდერის შუაში, შემაღლებულ ადგილას. მის წმიდა ნაწილებთან მრავალი სასწაულია დაკავშირებული. წმიდა ბარბარეს განსაკუთრებით ევედრებიან ყრმათა კურნებისათვის, შვილიერებისათვის და მოულოდნელი, უზიარებელი სიკვდილისაგან დაცვისათვის.

წმინდა ბარბარე ბავშვების განსაკუთრებულ მფარველად ითვლება. ბარბარობის დღესასწაულზე ტაძრებში საზიარებლად ბევრი პატარა მიჰყავთ.

ტროპარი: ქალწულებითა განშვენებულო და წამებითა გაბრწყინვებულო, სასწაულთა მოქმედო, სენთა და ბუგრთა მკურნალო, დიდო ქალწულმოწამეო ბარბარე, მეოხ გვეყავ ჩუენ ცოდვილთა.

 ტროპარი: ბარბარესა წმიდასა პატივს-ვსცემდეთ, რამეთუ მტერისა საფრხენი შემუსრნა, და ვითარცა სირი განერა მახისაგან შეწევნითა და საჭურველითა პატიოსნისა ჯუარისათა.

კონდაკი: სამებასა წმიდასა სარწმუნოებით თაყვანის-ეც და შეუდეგ შენ მსგავსად ბრძანებისა მისისა პატიოსანო მოწამეო, და კერპთა საზორველი დაამხვენ, და შორის მათსა იღვაწე წმიდაო ბარბარე, მძლავრთა სიცბილნი და შინებანი შეურაცხ-ჰყუენ, და ხმა მაღლად ღაღადებდ: სამებასა წმიდასა ვესავ, და ერთ ღმრთაებით ვადიდებ.

საეკლესიო გადმოცემის მიხედვით, ქალწულმოწამე ბარბარე მე-3 საუკუნის მეორე ნახევარში ფინიკიის ქალაქ ილიოპოლისში დაიბადა.

ერთადერთ შვილს მამა ზრდიდა, რომელიც კერპთაყვანისმცემელი იყო. მას შემდეგ, რაც ბარბარეს ჩუმად მონათვლის ამბავი შეიტყო, მამამ ის ქვეყნის მმართველ მარკიანესთან მიიყვანა. რამდენიმედღიანი წამების შემდეგ, წმინდა ბარბარეს თავი თავად მამამისმა მოკვეთა.

წმინდა ბარბარე ბავშვების განსაკუთრებულ მფარველად ითვლება.  ბარბარობის დღესასწაულზე ტაძრებში საზიარებლად განსაკუთრებით ბევრი პატარა მიჰყავთ.

ბარბარობას მორწმუნეები სიმბოლურად ლობიანებს აცხობენ.