რუსულ გაზეთ „მოსკოვსკი კომსომოლეცში“ (Московский комсомолец) ქვეყნდება სტატია სათაურით „მართლაც არ ელოდებიან საქართველოში რუსებს?“, რომლის ავტორი სვეტლანა სამოდელოვა ცდილობს გააქარწყლოს ზოგიერთ რუსულ გამოცემაში და სოციალურ ქსელებში გამოხატული თვალსაზრისი, რომ საქართველოში რუსოფობიაა გამეფებული და რომ ქართველებს რუსი ტურისტები სძულთ.
პუბლიკაციაში მიმოხილულია საქართველოს შავიზღვისპირა კურორტებზე (ქობულეთში, ურეკში…) არსებული დამოკიდებულება რუსი ტურისტების მიმართ, რომლებშიც პოზიტიური რეაქციაა გამოხატული.
„რა თქმა უნდა, ჩვენ გვსურს რუსი ტურისტების საქართველოში ჩამოსვლა. დაიმახსოვრე სამი მთავარი სიტყვა: „გამარჯობა“, „გმადლობ“ და „საქართველოს გაუმარჯოს!“. ეს სიტყვები შენთვის პაროლი იქნება და სადაც ახსენებ, ყველგან დიდი სიხარულით და უპრობლემოდ მოგემსახურებიან… და თუ „სულიკოსაც“ წაიღიღინებ, მაშინ შეიძლება საქართველოს მოქალაქეობაც მოგანიჭონ“, – ციტირებს ავტორი ქობულეთელი ნაცნობის გოჩას გამონათქვამს.
სტატიაში აღნიშნულია, რომ საქართველოში მომსახურებისა და კვების ფასები მართლაც არის მომატებული, რაც რიგი მიზეზებითაა გამოწვეული – მათგან ერთ-ერთია თურქეთში შექმნილი კრიზისული სიტუაცია და მაღალი ინფლაცია. პუბლიკაციის დასასრულს მოცემულია რუსი ტურისტის საშუალო დონის ხარჯები საქართველოში.