მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ადამიანებმა, რომლებიც არიან უარყოფითად განწყობილი საკუთარი ქვეყნის იდენტობის მიმართ, ვერ შეძლონ მომავალში ამ ქვეყნის დაზიანება, ამის რესურსი გვაქვს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, დეპუტატების კითხვებზე პასუხისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 2012-2016 წლებში კოჰაბიტაცია იყო თავსმოხვეული იძულებითი მოვლენა.
„გახსოვთ, კოალიცია „ქართული ოცნება”, რომელიც შედგებოდა მთელი რიგი პარტიებისგან. ეს პარტიები ვინ იყვნენ, ბოლოს კი გამოჩნდა და ვის ემსახურებოდნენ. ასეთ ვითარებაში, უბრალოდ იძულება იყო „ქართული ოცნებისთვის” ე.წ. კოჰაბიტაციის რეჟიმში ყოფნა. თუმცა ჩვენ ვთქვით საკმაოდ ხმამაღლა, გასული თვეების განმავლობაში, რომ ვაპირებთ, პრინციპული მიდგომით მოქმედებას იმ ადამიანებისა და ძალების მიმართ, რომლებიც 20 წელია, არ ასვენებენ ამ ქვეყანას. ჯერ იყო ცხრა წელი, როცა იყვნენ ხელისუფლებაში და ახლა არის 12 წელი, როცა არიან ოპოზიციაში. ეს ადამიანები უბრალოდ მტრობენ ამ ქვეყანას და ემსახურებიან არა საკუთარ ქვეყანას, არამედ ემსახურებიან სრულიად სხვა ინტერესებს. აქედან გამომდინარე, ლოიალური დამოკიდებულების გამოვლენა, ასეთი ძალებისა და ადამიანების მიმართ, იქნებოდა უბრალოდ დანაშაული. ჩვენ დღეს გვაქვს რესურსი, რომ პრინციპულად დავიცვათ სახელმწიფო ინტერესები. ჯერ კიდევ საპარლამენტო გამოსვლის დროს გავაკეთე განცხადება, რომ არ დავუშვებთ არც ერთ ე.წ. ნაცს ანუ კოლექტიური „ნაცმოძრაობის” არც ერთ წევრს არც ერთ თანამდებობაზე. ასეთი დამოკიდებულება შენარჩუნდება და მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ასეთმა ადამიანებმა, რომლებიც უარყოფითად არიან განწყობილი საკუთარი ქვეყნის მიმართ და საკუთარი ქვეყნის იდენტობის მიმართ, ვერ შეძლონ მომავალში ამ ქვეყნის დაზიანება, ამის რესურსი გვაქვს. კიდევ უფრო მეტი რესურსი გვექნება არჩევნების შემდეგ და გვექნება მაქსიმალურად პრინციპული დამოკიდებულება იმ ადამიანების და ძალების მიმართ, რომლებიც უბრალოდ მტრობენ ამ ქვეყანას. სხვანაირად უბრალოდ არ შეიძლება პროცესების განვითარება. ჩვენ არავის უნდა მივცეთ იმის საშუალება, რომ დაამუხრუჭონ ამ ქვეყნის განვითარება”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.