უკრაინაში საქართველოს ელჩის, გიორგი ზაქარაშვილის განცხადებით, მისთვის მიცემული 48-საათიანი ვადა 6 ივლისს, 12 საათზე იწურება და უკრაინის საზღვრის გადაკვეთას იქამდე შეეცდება.
როგორც ელჩმა აღნიშნა, კიევიდან საზღვრამდე, ავტომობილის ან მატარებლის გარდა, სხვა ტრანსპორტი არ მოძრაობს და უკრაინის დატოვება სირთულესთან არის დაკავშირებული.
„დროის ათვლა დაიწყო ჩემი გუშინდელი შეხვედრის შემდეგ. უხეშად რომ ვთქვათ, 48 საათი გადის 6 ივლისის 12 საათზე. ბუნებრივია, მაქსიმალურად ვეცდები, 6 ივლისის 12 საათამდე უკრაინის ტერიტორია დავტოვო. მოგეხსენებათ, კიევიდან საზღვრამდე, მანქანის ან მატარებლის გარდა, სხვა ტრანსპორტი არ მოძრაობს, შესაბამისად, ეს საკმაო სირთულეებთან არის დაკავშირებული“, – განაცხადა გიორგი ზაქარაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 3 ივლისს განაცხადა, რომ სთხოვს საქართველოს ელჩს, 48 საათის განმავლობაში დატოვოს უკრაინა, რათა კონსულტაციები გამართოს თბილისში მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებაზე. ზელენსკის თქმით, რუსეთი საქართველოს ხელისუფლების ხელით კლავს უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს.