ოპოზიციის წარმომადგენლები სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ ელჩებს შეხვდნენ.
როგორც შეხვედრის შემდეგ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ელჩებს თავად სთხოვეს შეხვედრა.
„მივაწოდეთ ინფორმაცია. ანა ნაცვლიშვილმა ექვს საათზე გამართა ბრიფინგი, ვითხოვთ, გამოქვეყნდეს და გაიხსნას ის მონაცემები, რომლებიც ჩაიტვირთა მანქანაში. რა თქმა უნდა, მანქანამ სწორად დაითვალა, ჩვენ ფარული დათვლა გვქონდა და ამობეჭდილი ქვითრის და მანქანის ციფრები ერთმანეთს ემთხვევა, მაგრამ გაყალბება, მიტაცება მოხდა იქ, როცა ჩაიტვირთა სიები მანქანაში. უკვე იმდენი დარღვევაა, რაც სისტემურ დარღვევაზე მიუთითებს. „ქართულმა ოცნებამ“ და ცესკო-მ უნდა გახსნან სიები და საზოგადოება ძალიან მარტივად მიხვდება, როგორი მასშტაბის ფალსიფიკაციას ჰქონდა ადგილი. ეს გავუზიარეთ უცხოელ მეგობრებს. ჩვენ ტყუილად არ ვეძახით ამას სპეცოპერაციას. ეს სპეცოპერაცია იყო. სამწუხაროდ, ყველა არჩევნებზე პოსტსაბჭოთა სივრცეში და საქართველოში მიჩვეული ვართ გაყალბებას. ეს არ იყო გაყალბება ერთი და ორი პროცენტით, ეს იყო მასობრივი, სისტემური ხმების მითვისება. ჩვენ, „ლელომ“ და „ძლიერმა საქართველომ“ მოვითხოვეთ ამ სიების გახსნა, ის, რაც ჩაიტვირთა მანქანებში. შეცდომა იქნება, ადამიანმა ილაპარაკო, მანქანამ კარგად დაითვალა, ცუდად დაითვალა. მანქანამ ნორმალურად დაითვალა, მაგრამ რა ჩასძახეს ამ მანქანას, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ინტერესი დიდია, იყო ორმხრივი ინიციატივა. რა თქმა უნდა, ჩვენ ვთხოვეთ შეხვედრა. ეს გაგრძელდება. „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გახსნას ეს ფაქტები, თუ არ გახსნა, მაშინ ყველასთვის ნათელი იქნება, რამხელა ფალსიფიკაცია ჩაატარეს და რამხელა დანაშაული ჩაიდინეს ქართველი ხალხის წინაშე“, – განაცხადა ხაზარაძემ.
კითხვაზე, რომელი ქვეყნის ელჩებთან ჰქონდათ შეხვედრა, ხაზარაძემ აღნიშნა:
„ვერ გეტყვით სახელებს. ჩამოგითვალოთ რომელი ელჩები? ვერ ჩამოგითვლით, დიდი ბოდიში“.