
მიგრაციულ პროტესტებს კალიფორნიაში პოლიტიკური ხასიათი აქვთ, – წერს ფრანგული გაზეთი „ლე ფიგარო“ (Le Figaro) სტატიაში „მან პატრუქს ცეცხლი მოუკიდა“: ლოს-ანჟელესში აშშ-ის ეროვნული გვარდია [და არმია], პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრძანებით, მოსახლეობის პროტესტს ახშობს“ (ავტორი – ადრიან ჟოლმესი, სპეცკორესპონდენტი). „პრეზიდენტი მზად არის ბუნტისთავებს მკაცრად გაუსწორდეს, გუბერნატორი-დემოკრატი კი ქვეყნის მეთაურს დიქტატორობაში ადანაშაულებს. ფრანგმა მკითხველებმა კომენტარებში დონალდ ტრამპის მხარე დაიკავეს: „ის აკეთებს იმას, რისთვისაც აირჩიეს. ჩვენ კი, ფრანგებს, ნამდვილი ლიდერი არ გვყავს“, – ნათქვამია მასალაში.
გთავაზობთ პუბლიკაციის მოკლე შინაარსს:
კვირას ლოს-ანჯელესში შეტაკებები დაიწყო უშიშროების ძალებსა და დემონსტრანტებს შორის, რომლებიც აშშ-ის პრეზიდენტის მიგრაციული პოლიტიკის წინააღმდეგ გამოდიან და აპროტესტებენ აშშ-ის მთავრობის იმიგრაციისა და საბაჟო კონტროლის სამსახურის (ICE) თანამშრომლების მიერ ასობით არალეგალი იმიგრანტის დაპატიმრებას: „გაათავისუფლეთ ისინი და თავი დაანებეთ!“, „ICE, გაეთრიე ლოს-ანჟელესიდან“, „ICE – გესტაპო!“, – სკანდირებენ დემონსტრანტები.
კალიფორნიის ცაზე პოლიციისა და ეროვნული გვარდიის ვერტმფრენები დაფრინავენ. დემონსტრანტების თავზე დრონები გუგუნებენ და მათ თავს დასტრიალებენ. მსგავსი არეულობა მოხდა 1992 წელს, როცა სასამართლომ პოლიციელები შავკანიანი ავტომობილისტის როდნი კინგის ცემაში გაამართლა. თუმცა დღეს ანტისამთავრობო გამოსვლების მასშტაბი უფრო ნაკლებია, ვიდრე მაშინ. დღეს შეტაკებები მხოლოდ ქალაქის ცენტრში ხდება.
ასეა თუ ისე, დემონსტრანტებმა ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ დონალდ ტრამპს ქალაქში ეროვნული გვარდიის და არმიის ნაწილები შეეყვანა, თუმცა არმიელები არეულობების აღკვეთაში ამ ეტაპზე უშუალოდ არ მონაწილეობენ. კონსერვატიული ტელეარხი „ფოქს ნიუსი“, რომელიც ხელისუფლების პოზიციას მხარს უჭერს, უამრავ კადრს აჩვენებს, თუ როგორ ანადგურებენ დემონსტრანტები პოლიციის ავტომანქანებს. ლოს-ანჟელესის ცენტრში ჰაერი კვამლის სუნით არის გაჟღენთილი.
კალიფორნიაში – აშშ-ის უმდიდრეს და უდიდეს შტატში – მიმდინარე არეულობები პოლიტიკურ და ეროვნულ ხასიათს ატარებს. ერთმანეთს დაუპირისპირდნენ დონალდ ტრამპი და შტატის გუბერნატორი გევინ ნიუსომი, რომელიც ოპოზიციური დემოკრატიული პარტიის თვალსაჩინო წარმომადგენელია. დემოკრატმა გუბერნატორმა ეროვნული გვარდიის ნაწილებისა და რეზერვისტთა ქვედანაყოფების შეყვანას „შტატის სუვერენიტეტის დარღვევა“ უწოდა და პრეზიდენტი უკანონო მოქმედებაში დაადანაშაულა. „დონალდ ტრამპმა სიტუაცია უფრო გაართულა და ცეცხლზე ნავთი დაასხა… მან პატრუქს ცეცხლი მოუკიდა… ეროვნული გვარდიის მიერ ქალაქის გაკონტროლება უკანონო, ამორალურ და ანტიკონსტიტუციურ ქმედებას წარმოადგენს“, – აცხადებს გევინ ნიუსომი, რომელსაც მხარს უჭერს ლოს-ანჯელესის მერი, ასევე დემოკრატი-ოპოზიციონერი კარენ ბასი.
პრეზიდენტმა, თავის მხრივ, ორივე თავიანთი მოვალეობების შეუსრულებლობაში ამხილა: „თუ კალიფორნიის გუბერნატორს გევინ „ნიუსკამს“ (ტრამპმა განგებ დაამახინჯა მისი გვარი, რომელიც „ახალ ვიგინდარას“ ნიშნავს) და ლოს-ანჟელესის მერს კარენ ბასს თავიანთი ფუნქციების შესრულების უნარი არ აქვთ (მათ იციან, რომ მე მართალი ვარ), მაშინ ფედერალური მთავრობა ჩაერევა საქმეში და პრობლემას გადაწყვეტს – ბუნტისთავებს და მაროდიორებს გაუსწორდება“, – დაწერა დონალდ ტრამპმა Truth Social-ში.
დონალდ ტრამპი კალიფორნიის ტერიტორიაზე ეროვნული გვარდიის ნაწილების და საარმიო ქვედანაყოფების გაგზავნას შეყვანას ამართლებს აშშ-ის „ეროვნული გვარდიის შესახებ“ მე-10 მუხლით, რომელიც უზრუნველყოფს ფედერალური უწყებების – ამ შემთხვევაში, იმიგრაციისა და საბაჟო კონტროლის სამსახურის – ნორმალურ საქმიანობას.
სხვათა შორის, დონალდ ტრამპი თავისი პრეზიდენტობის პირველი ვადის დროსაც ცდილობდა არმიის გამოყენებას მინეაპოლისში დაწყებული მღელვარების დროს, როცა პოლიციელებმა დაპატიმრების დროს აფროამერიკელი ჯორჯ ფლიოდი მოკლეს. იმ დროს პრეზიდენტს ჯარების გამოყენება აშშ-ის არმიის შტაბების გაერთიანებული კომიტეტის უფროსმა, გენერალმა მარკ მილიმ და თავდაცვის მინისტრმა მარკ ესპერმა გადაათქმევინეს, ახლა კი პენტაგონის ამჟამინდელმა ხელმძღვანელმა პიტ ჰეგსეტმა თვითონ გამოიჩინა ინიციატივა და პრეზიდენტს საზღვაო ქვეითების გამოყენება შესთავაზა (1807 წელს მიღებული კანონის ძალით – „აჯანყებების შესახებ“).
„დონალდ ტრამპის მოქმედება პრეზიდენტ-დიქტატორის მოქმედებას წარმოადგენს“, – აცხადებს გუბერნატორი გევინ ნიუსომი. მას მხარი დაუჭირეს იმ შტატების გუბერნატორებმაც, რომლებიც ოპოზიციური დემოკრატიული პარტიის წევრები არიან. რა თქმა უნდა, პარტიის ლიდერებმა მოიწონეს კალიფორნიისა და სხვა შტატების გუბერნატორთა აზრი და შესაბამისი განცხადებაც გამოაქვეყნეს, რომელშიც პრეზიდენტის მოქმედება კალიფორნიის უფლებების დარღვევის „საშიშ პრეცედენტად“ იქნა შეფასებული.
აშკარაა, რომ შაბათს, 14 ივნისს დაგეგმილი სამხედრო აღლუმი, აშშ-ის შეიარაღებული ძალების 250 წლისთავის აღსანიშნავად (რომელიც დონალდ ტრამპის დაბადების დღეს ემთხვევა), გააძლიერებს იმ საფრთხის შეგრძნებას, რასაც, დემოკრატების აზრით, რესპუბლიკელი პრეზიდენტი უმზადებს ამერიკელ ხალხს, არმიის ნაწილების მუდმივი დისლოკაციის ადგილებიდან გამოყვანითა და ქვეყნის ტერიტორიაზე მათი განლაგებით.
მოამზადა სიმონ კილაძემ